"საქართველომ ნავთობის გადამისამართებით მცდარი გზავნილი არ უნდა გაავრცელოს"

რუსები გამუდმებით დგამენ მსგავს ნაბიჯებს იმის შესამოწმებლად, თუ სადამდე შეუძლიათ მიუღებელი ზღვრის გადაწევა.

ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის უფროსმა დირექტორმა ადამიანის უფლებების სფეროში დევიდ კრემერმა "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან საუბრისას, საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

"ამ შემთხვევაში მათ ბაქო-სუფსას მილსადენი საოკუპაციო ხაზის საკუთარ მხარეს მოაქციეს, რაც მათ მოქმედებას კიდევ უფრო ამძიმებს. საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს ნაბიჯი არ უნდა აღიარონ და გამუდმებით უნდა მოითხოვონ საზღვრის შეთანხმებულ ხაზზე გადატანა", - განაცხადა კრემერმა.

მას მიაჩნია, რომ საქართველოს საზღვრით მანიპულირების საკითხს გავლენა მთელს რეგიონზე აქვს. მისი თქმით, ამ ნაბიჯით კრემლმა ევროპას, უკრაინას, მოლდოვას ის დაანახა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია იმის გაკეთება, რასაც მოისურვებს. ამასთან, კრემერი ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში საქართველოში ე.წ. საზღვრის დემარკაციის პარალელურად მიმდინარეობდა - საერთაშორისო თანამეგობრობა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისზე და ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე იყო კონცენტრირებული.

"ეს ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს და ის შეგვახსენოს, რომ ეს კონფლიქტი დასრულებასთან ახლოსაც კი არაა. რუსები მიგვანიშნებენ, რომ კონფლიქტი არც გაყინულია. ჩვენ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა შევიმუშაოთ და ვუთხრათ რუსებს, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მოვითხოვოთ საზღვრის უკან გადატანა ისე, რომ მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს", - აცხადებს კრემერი.

ბაქო-სუფსის მილსადენისთვის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაზე კი კრემერი ამბობს, რომ საქართველომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მიიღოს და ნავთობის გადამისამართებით მცდარი გზავნილი არ უნდა გაავრცელოს.

"საქართველო არ უნდა იყოს იძულებული მონახოს ალტერნატივები. ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ ეს მილსადენი საქართველოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის ამ აღმაშფოთებელი ნაბიჯის გამო, ქართველები არ უნდა დაზარალდნენ. ქართველებს შეუძლიათ ალტერნატივები ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ", - განაცხადა კრემერმა და დასძინა, რომ დროის და რესურსის მილსადენის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაში ხარჯვის ნაცვლად, თბილისმა მთელი ძალისხმევა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ უნდა წარმართოს.