"სამინისტროებმა ხუთ თვეში რეკლამაზე მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს"

სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა 2015 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, 5 თვის განმავლობაში სარეკლამო რგოლების დამზადებასა და სხვადასხვა ტელევიზიებში მათ განთავსებაზე მილიონზე მეტი ლარი დახარჯეს.

ინფორმაციას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" ავრცელებს, რომელმაც სამინისტროების სარეკლამო დანახარჯებზე ინფორმაცია თავად სახელმწიფო უწყებებიდან და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმიდან მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ასევე იუსტიციის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილებზე ორგანიზაციას არ უპასუხეს.

კვლევის თანახმად, საერთაშორისო სარეკლამო რგოლების დამზადებაში ჯამში 199 521 ლარი დაიხარჯა, განთავსებში კი - 902 559 ლარი. ამასთან, სამინისტროებისა და სსიპ-ების სარეკლამო რგოლების უმეტესობა სოციალური რეკლამის სტატუსით უფასოდ არ განთავსდა. კომერციულმა არხებმა უფასოდ მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი განათავსეს – ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეორგოლი "C ჰეპატიტის" ელიმინაციის პროგრამის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეორგოლები ჯარიმებზე მოქალაქეების ინფორმირების თაობაზე.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. კერძოდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს ფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვიდეორგოლის დამზადება 43 000 ლარი დაჯდა, მისი ტელეეთერებში განთავსება კი - 463 352 ლარი. მეწარმეობის განვითარების სააგენტომ პროგრამა "აწარმოე საქართველოსთვის" პოპულარიზაციისათვის 52 000 ლარის ღირებულების ორი ვიდეორგოლი დაამზადა, რომელთა ეთერში განთავსებაც უწყებას 185 667 ლარი დაუჯდა. განათლების სამინისტროს სარეკლამო რგოლის განთავსება კი, რომელიც განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას აღწერს, სამინისტროს 124 495 ლარი დაუჯდა. თავად ვიდეორგოლი 8 870 ლარად დამზადდა.

საყურადღებოა, რომ სამინისტროების და სსიპ-ების უმეტესობამ, ვიდეორგოლების დამზადებისა და განთავსების მომსახურება კონკურენტული ტენდერების გარეშე, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შეიძინეს. გამონაკლისია განათლების სამინისტრო, რომელმაც ტენდერი გამოაცხადა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" განცხადებით, სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებით და არა გამარტივებული შესყიდვებით განხორციელებამ, შესაძლოა, თანხების დაზოგვას შეუწყოს ხელი.

ამავე კვლევის თანახმად, სახელმწიფო უწყებების რეკლამებიდან მიღებული ყველაზე მეტი შემოსავალი, 376 155 ლარი, "რუსთავი 2"-ს აქვს მიღებული. შემდეგ მოდიან: "იმედი" - 308 472, "მაესტრო" - 105 051, "ჯი-დი-ესი" - 64 339, რეგიონული მაუწყებლები - 29,388, "კავკასია" - 17 182. ამასთან, მსხვილი ტელევიზიებისთვის სახელმწიფო უწყებებიდან რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხა მათი შემოსავლის დიდ წილს არ წარმოადგენს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სთვის სამინისტროებიდან და სსიპ-ებიდან ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული თანხა არხის 2015 წლის I კვარტლის შემოსავლის 3%-ია, ტელეკომპანია "იმედისთვის" - 6.5%, "მაესტროსთვის" კი დაახლოებით - 10%.