სადაზღვევო კომპანიები ქვემო ქართლში ფერმერებს სტიქიით მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებენ

ქვემო ქართლში სადაზღვევო კომპანიებმა აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერებისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყეს.

როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მცხოვრებ გიორგი ებანოიძეს ჭარბი ნალექის გამო მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდება.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის 20 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ გიორგი ებანოიძეს ხახვის ბაღჩის მოსავლის 75% გაუნადგურა. სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის დათვლის შემდეგ თანხამ 232,000 ლარი შეადგინა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" სრულად აუნაზღაურებს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამა "აგროდაზღვევის" მენეჯერმა ლევან მაღრაძემ, ქვემო ქართლში რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ ნუგზარ სალიამ და სადაზღვეო კომპანია "ალდაგის" ქონებრივი ზარალების მართვისა და მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა სტიქიის შედეგად განადგურებული გიორგი ებანოიძის ნაკვეთი დაათვალიერეს და ზარალის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადასცეს.

სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მცხოვრები გიორგი ებანოიძე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "აგროდაზღვევის" პროგრამაში 2014 წლის ოქტომბრის თვეში ჩაერთო და 17 ჰექტარი ხახვის მოსავალი დააზღვია, სადაზღვევო პრემიამ 30 345 ლარი შეადგინა, აქედან სააგენტომ ბენეფიციარს 28 560 ლარი გადაუხადა, ხოლო გიორგი ებანოიძეს მხოლოდ 1 785 ლარის გადახდა მოუხდა.

უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "აგროდაზღვევის" პროგრამაში ქვემო ქართლის რეგიონის 200-ზე მეტი ბენეფიციარი ჩაერთო, აქედან 22 მარნეულის რაიონის მცხოვრები ფერმერია. საქართველოს მასშტაბით, "აგროდაზღვევის" პროგრამის ფარგლებში გაცემულია 22,817 პოლისი, სუბსიდიის თანხამ 12,297,817 ლარი შეადგინა. დაზღვეული მოსავლის ღირებულებაა 164,087,076 ლარი. დაზღვეული ფართობი შეადგენს 20 281 ჰა-ს. ჭარბი ნალექის, სეტყვის შედეგად დაზარალდა 3000 ბენეფიციარი, ასანაზღაურებელი თანხა პირველადი შეფასებით 4,500,000 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის შეფასება და თანხის ჩარიცხვა.