სააკაშვილის ბრძანებით, ოდესაში კიეველი მილიარდერის ვილის უკანონო ღობის დემონტაჟი განხორციელდა

ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით, ოდესის სანაპიროზე კიეველი მილიარდერის კუთვნილი ვილის უკანონოდ აშენებული ღობის დემონტაჟი განხორციელდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წუხელ გვიან ღამით მივიდა ვილასთან, რათა პირადად გაეკონტროლებინა დემონტაჟის პროცესი.

მიხეილ სააკაშვილმა კიეველი ოლიგარქის ოდესის სანაპიროზე განთავსებული სახლის ღობის დემონტაჟის ბრძანება გუშინ გასცა.

"კიეველმა მილიარდერმა ოდესელებსა და ქალაქის სტუმრებს ბეტონის სქელი კედლებით სანაპიროზე გასასვლელი გზა უკანონოდ ჩაუხერგა. ესეც არ იკმარა და კედლებზე გატეხილი ბოთლის ნამსხვრევები ჩაამონტაჟა, ეზოს კი დარაჯად რამდენიმე ძაღლი მიუჩინა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის თვეში მხოლოდ ერთხელ სტუმრობს ამ სახლს და ოდესაში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოდის. უკრაინის კანონმდებლობა სანაპირო ზოლზე დაუბრკოლებელ მისვლას ითვალისწინებს, ხალხისთვის დაბრკოლების შექმნა კი უკანონოა", - დაწერა სააკაშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე და ღობის დემონტაჟის ბრძანება გასცა.