უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები მოქალაქეებს დაუბრუნდათ

მთავარმა პროკურატურამ დაზარალებულ ოთხ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნა.

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღეს დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული ავტომანქანები, რომლებიც მათ საკუთრებაში გადაეცათ.

"აღნიშნული ავტომანქანები მათ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ იძულებით დაათმობინეს საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. რაც მთავარია, პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, უკავშირდება 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში იძულებით ჩამორთმეული ქონებების დაზარალებულებისთვის უკან დაბრუნებას, ის აქტიურად მიმდინარეობს და ამ პროცესს ექნება შეუქცევადი ხასიათი", - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

დაზარალებულ გივი თოდაძეს გადაეცა "რენჯ როვერის" და "კრაისლერის" მარკის ავტომობილები; დაზარალებულ გიორგი რეხვიაშვილს გადაეცა "მერსედეს-ბენც ML 350" და "ჰიუნდაი სონატას" მარკის ავტომანქანები, ხოლო შმაგი რატიანს და პარსამ ზალინიანს გადაეცათ "ფოლკსვაგენ პასატი" ფირმის ორი ავტომანქანა.

დაზარალებულ ივანე მახარაშვილს, პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, გადაეცემა სოფელ დიღომში მდებარე 1020 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც დაზარალებულს უკანონოდ დაათმობინეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ.