"როგორ შეიძლება მთავრობას დავუქვემდებაროთ ეროვნული ბანკის და მარეგულირებლების საკადრო  პოლიტიკა?!"

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე ეროვნული ბანკისა და მარეგულირებელი კომისიების საკადრო და ფინანსური პოლიტიკის მთავრობისთვის დაქვემდებარების საფრთხეზე საუბრობს.

ასეთ საფრთხეს აბაშიძე პარლამენტში წარდგენილ "საჯარო სამსახურის შესახებ" ახალ კანონპროექტში ხედავს, რის შესახებაც მან საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, საჯარო სამსახურების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას მიესალმება, მაგრამ ამ მიმართულებით წარდგენილი კანონპროექტი დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის მარეგულირებელ კომისიებს არ უნდა შეეხოს.

"პროექტის თანახმად, მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს მოხელეთა იერარქიულ რანგებში თანამდებობრივი სარგოების ოდენობა. რომ არ შევეხო კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიებს, რომლებიც მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოები არიან, მთავრობამ უნდა დაადგინოს, ეროვნული ბანკის აპარატის თანამშრომლების ხელფასები. ეს არის თუ არა გარკვეული დამოკიდებულება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის?! გარდა ამისა, საკადრო პოლიტიკის ნაწილში ძალიან სერიოზული ბერკეტები უჩნდება საჯარო სამსახურის ბიუროს. საკადრო პოლიტიკას ბიურო განსაზღვრავს, როდესაც საჯარო სამსახურის ბიუროს საქმიანობის მაკონტროლებელი, წარმოდგენილი კანონპროექტით, ფინანსთა სამინისტროა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ერთმანეთში ურთიერთკონტროლი მოხდეს?! თუკი საკადრო პოლიტიკის განმსაზღვრელი საჯარო სამსახურის ბიურო იქნება, მაშინ ბიუროს უფრო მაღალი სტატუსი უნდა გააჩნდეს, ვიდრე დღეს აქვს. როგორ შეიძლება მთავრობას დავუქვემდებაროთ ეროვნული ბანკის და მარეგულირებლების საკადრო პოლიტიკა და ასევე ფინანსური პოლიტიკა?!", - განაცხადა აბაშიძემ საპარლამენტო კომიტეტების სხდომაზე.

აბაშიძის თქმით, ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ბევრ უხერხულობას ქმნის და შეიძლება ბევრი პრობლემაც შექმნას, მათ შორის შესაძლო პოლიტიკური გავლენების ჩამოყალიბების წინაპირობების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, როგორც აბაშიძემ განაცხადა, კანონპროექტით მთლიანად "იკეტება" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შესაძლებლობა, კადრები კერძო სექტორიდან მიიღოს.

"ვერ წარმომიდგენია, კომისიის სიხშირეებზე მონიტორინგის დეპარტამენტში საიდან უნდა მოვიყვანო კადრი - პირველი დონის კონკურსიდან მოყოლებული, დაველოდოთ მის 10-15 წლიან ზრდას... მაშინ როდესაც გვჭირდება აბსოლუტურად კვალიფიციური საჯარო მოხელე კი არა, სპეციალისტი, რომელიც სიხშირული დაგეგმარების, ევროპის ჰარმონიზირებული სიხშირეების საქართველოში გავრცელების, სატელეკომუნიკაციო სისტემების დანერგვას და მის რეგულირებას შეუწყობს ხელს. სად ვეძებო, თუ არა კერძო სექტორში და როგორ უნდა მოვიყვანო, თუ ამის უფლება არ მექნება", - აღნიშნა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა.

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი დღეს პარლამენტის რამდენიმე კომიტეტში განიხილეს.