გარდაბანში, საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გაიხსნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში საქართველოში პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური გახსნა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური არის 231-მილიონიანი პროექტი, რომელიც აშენდა საპარტნიორო ფონდისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დაფინანსებით.

"მისი სიმძლავრე 237 მეგავატია და იგი ყოველწლიურად 1.6 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, ეს სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას. ეს არის უახლესი ტექნოლოგიებით, უახლესი ტურბინებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური. ამ სადგურის მშენებლობა გასული წლის იანვარში დაიწყო და იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე სამი თვით ადრე დასრულდა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტია დადგმული სიმძლავრეც. ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საპარტნიორო ფონდს, მის ხელმძღვანელს ირაკლი კოვზანაძეს, ნავთობისა და გაზის კორპორაციას, თბოსადგურის მშენებელ კომპანიას - უმსხვილეს თურქულ კომპანია "ჩალიკ ენერჯის". დარწმუნებული ვარ, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და მეტად დამოუკიდებელს გახდის ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას. ეს ობიექტი იქნება სერიოზული დასაყრდენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ეს არის ინოვაციური პროექტი. შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ ეს არის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპი. მინდა ჩვენს ხალხს მივულოცო ეს წარმატება და ვისურვო, ჩვენი ხელისუფლების პირობებში კიდევ უფრო მეტი ასეთი წარმატებული პროექტი განხორციელებულიყოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.