სავალუტო კრიზისმა პენსია 40 ლარით "შეჭამა"

გაზეთ "რეზონანსის" ინფორმაციით, 150-ლარიანი პენსია ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ უკვე 35-40 ლარით "შეჭამა", შედეგად სექტემბერში მისი 6,6%-იანი ზრდა მატებად არ ჩაითვლება.

მოხუცები პენსიას, ძირითადად, ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ. ეს სეგმენტი კი მიზნობრივ ინფლაციაზე უფრო მეტად გაძვირდა. გამოდის, რომ პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტია, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციით (5%-ის) გამოწვეული სხვაობა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მრავალრიცხოვან ჯგუფს პენსიონერებიც უერთდებიან, თანდათან უკვე იმკის. ოფიციალური ინფორმაციით, წელს ივნისში ინფლაცია, წინა წელთან შედარებით 4,5% იყო, თუმცა მედიკამენტები და მთლიანად ჯანდაცვა, რომელთა წილიც პენსიონერის პენსიაში დაახლოებით 20-25%-ია, მეტად გაძვირდა და ამ სეგმენტში წლიურმა ინფლაციამ 7,4% შეადგინა. ინფლაციის საშუალო მაჩვენებელზე 1%-ზე მეტად მოიმატა ფასებმა საკვებზე. ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასის 5,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ინფლაცია სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე სხვადასხვაგვარად აისახება. იმის გამო, რომ მოხუცებს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებში უფრო ბევრი ეხარჯებათ, ვიდრე ახალგაზრდებს (მედიკამენტები კი უფრო მეტად გაძვირდა, ვიდრე სამომხმარებლო ბაზრის სხვა ელემენტები), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 160-ლარიანი პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტი იქნება, ვიდრე ინფლაციის მაჩვენებლით გამოწვეული სხვაობა.

"პენსიონერებს, დაახლოებით, 20-25% ეხარჯებათ მედიკამენტებზე, ფასები ამ სეგმენტზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სექტემბრამდე არა მგონია, წამლები გაიაფდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ მათი გაძვირების ხარჯზე პენსიონერს ხარჯი დაახლოებით 7-8%-ით გაეზრდება. ამას თუ 4,5%-იან ინფლაციას მივუმატებთ, გამოდის, რომ წლის ბოლოსთვის პენსიონერის ხარჯი დაახლოებით 12-13%-ით მოიმატებს. საბოლოო ჯამში, 2015 წლის სექტემბრისთვის პენსიონერების საშუალო პენსიის მსყიდველუნარიანობა იქნება დაახლოებით იმაზე ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე ერთი წლის წინანდელი, 150-ლარიანი პენსიის შემთხვევაში იყო", - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას ეკონომისტმა ზვიად კანდელაკმა.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის თქმით, იმისათვის, რომ ვისაბუროთ 2015 წლის სექტემბერზე, უნდა ვნახოთ იმ პერიოდისთვის ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების ინდექსის როგორი სტატისტიკა გვექნება.

"დღეისათვის კი შეიძლება ვთქვათ, რომ ახლანდელი 150-ლარიანი პენსია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად, 40 ლარით არის "შეჭმული", ამიტომ, ჩვენ დავედით 110 ლარის დონეზე. 110-ს თუ დავუმატებთ 10 ლარს, მივიღებთ 120 ლარს. ფაქტობრივად, სექტემბრიდან ეს პენსია გამოდის ინფლაციამდელი დონის დაახლოებით 80%. რა თქმა უნდა, ამ თანხის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. პენსიაზე 10-ლარიანი დანამატი იძლევა გაუფასურებული ლარის მხოლოდ მეოთხედის დაფარვის შესაძლებლობას. თუ ერთი წლის წინათ მსყიდველუნარიანობა იყო 100%-ის დონეზე, ახლა ეს იმდენად შემცირდა, რომ 10-ლარიანი დანამატი მხოლოდ შემცირებულის 25%-ს ფარავს, გაუფასურების 75% ფაქტობრივად, რჩება დაუფარავი", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

ეკონომისტ რამაზ გერლიანის გათვლებით, სექტემბრისთვის 6,6%-ით გაზრდილი პენსია, რეალურად მხოლოდ 2%-ით იქნება მომატებული.

"ინფლაცია ახლა არის 4,5%. თუ ასე დარჩა, რეალურად სექტემბრისთვის პენსია არა 6,6%-ით, არამედ 2,1%-ით გაიზრდება, მაგრამ თუ ინფლაციამ მიზნობრივ მაჩვენებელს, ანუ 5%-ს მიაღწია, პენსიის ზრდა რეალურად უფრო ნაკლები იქნება. წლევანდელ მიმდინარე ფასებში თუ დავითვლით და თუ ათვლის წერტილად ავიღებთ იმ პერიოდს, როცა პენსია 150 ლარი გახდა, მაშინ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ პენსია, მისი მსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე, საერთოდ არ გაზრდილა. ნომინალურად, რა თქმა უნდა, პენსია იმატებს, მაგრამ რეალურ განზომილებაში ზრდა არ არის", - დასძინა გერლიანმა.

მართალია, ინფლაციის მაჩვენებლის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ თუ ლარის კურსი უფრო მეტად არ გამყარდა, ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება, განსაკუთრებით სურსათზე. ცალკეულ ჯგუფებში ინფლაციის დონემ, შესაძლოა, მიზნობრივ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად უკვე გადააჭარბა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯანდაცვა და სურსათი მიზნობრივ 5%-ზე მეტად უკვე ივნისში იყო გაძვირებული.

ამა თუ იმ ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ იქნებოდა პრობლემა ისეთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სწრაფად იზრდება და პარალელურად მოსახლეობის შემოსავალიც მატულობს. ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნა ნაკლებად მტკივნეულია იმ ქვეყნებში, სადაც სამომხმარებლო კალათის შევსება, ძირითადად, ადილობრივი წარმოების პროდუქტით ხდება. საქართველოსთვის კი გაუფასურებული ლარი ისედაც ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს და აძაბუნებს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"