რუსთავის ავტობაზრობას მცხეთაში გადაიტანენ?

"რუსთავის ავტობაზრობა - AUTOPAPA" და საწარმოთა კომპლექსი აუქციონის წესით გაიყიდება. ობიექტის საწყისი ფასი 30 მილიონი აშშ დოლარია. აუქციონი 3 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს, 18:00 საათზე დასრულდება.

რუსთავის ავტობაზრობის მფლობელი უკრაინული "პრივატ ჯგუფია", რომელმაც 2014 წლის ბოლოს, "პრივატბანკი საქართველო" გაყიდა. გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, რუსთავის ავტობაზრობაში რამდენიმე პირის, მათ შორის, გია უდესიანის დავით კირკიტაძის, ვანო მერაბიშვილის, ასევე კოდუებისა და ახალაიების ინტერესები იკვეთება.

"ვერსიის" წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლება რუსთავის ავტობაზრობის მცხეთის შესასვლელში გადატანას გეგმავს. თავის დროზე, თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალური გზა ავტობაზრობის ტერიტორიისთვის იმიტომ შეარჩიეს, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების აზერბაიჯანსა და სომხეთში რეექსპორტი გაადვილებულიყო. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში რეექსპორტი შემცირდა, გადაწყვიტეს, ავტობაზრობისთვის სხვა ტერიტორია გამოენახათ და არც მეტი, არც ნაკლები - ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ისეთ საუნჯეს მიადგნენ, რომელსაც იუნესკო იცავს!

როგორც გაზეთი "ვერსია" წერს, წყაროს ინფორმაცია "ვერსიამ" საქმეში კარგად ჩახედულ ერთ-ერთ გავლენიან, ყოფილ თანამდებობის პირთან გადაამოწმა, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია.

თუმცა თუ ავტობაზრობის მცხეთაში გადატანა მაინც იგეგმება, მისი ინფორმაციით, ეს რამდენიმე ადგილზეა შესაძლებელი: "სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს დიდი ტერიტორიაა. სავარაუდოდ, შესაძლებელია, ავტობაზრობა იქ განთავსდეს, რადგან აუთვისებელი და დაუტვირთავი მიწის ნაკვეთია. შესაძლოა, საუბარი იყოს ჯვრის მონასტრისა და წიწამურს შორის არსებულ ნაკვეთებზე, რომლებიც ფაქტობრივად, ჯვრის არეალია და სასოფლო-სამეურნეო მიწის სავარგულების გარდა, ვერაფერში გამოიყენებთ. ნატახტარის მიმდებარედ, დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთში, ანუ ვლადიკავკაზში მიმავალ გზაზე, მცხეთა-გუდაურის მიმართულებით, ამ ორ გზას შორის, დაახლოებით, 50 ჰა-მდე არასასოფლო-სამეურნეო მიწაა. შესაძლოა, ესეც გამოიყენონ, თორემ მცხეთის გარშემო, მიწის დიდი ფართობის მოძიება ძნელად წარმომიდგენია. ზოგადად, ასეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, ვინაიდან ის ტერიტორიებიც კი, რომლებიც ჩამოგითვალეთ, იმდენად ისტორიულ ზონაშია განთავსებული, რომ ავტობაზრობისთვის ნამდვილად მენანება. არადა, ავტობაზრობის რუსთავში განთავსება სტრატეგიულად, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე კახეთისა და ქვემო ქართლის მიმართულებით, ასეთი ბაზრობის არსებობა, საქართველოსთვის დიდი ფუფუნებაა. იმის გამო, რომ ყაზახეთი და სომხეთი ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრები არიან, საქართველოდან ავტომობილების გაყვანა შეიზღუდა, თორემ რუსთავის ტერიტორიაზე ავტობაზრობის მოწყობა, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი იყო", - წერს გაზეთი "ვერსია".

გამოცემის ინფორმაციით, "ვერსია" საქართველოს პარლამენტის წევრს, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს დაუკავშირდა, რომელმაც რუსთავის ავტობაზრობის მცხეთაში შესაძლო გადატანის ფაქტი კატეგორიულად უარყო: "ასეთი რამ პირველად მესმის თქვენგან. მცხეთაში ავტობაზრობის გადატანა არ იგეგმება!"

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია კიდევ ერთ თანამდებობის პირთან გადავამოწმეთ. "ვერსია" მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ზურაბ აბესაძეს დაუკავშირდა, რომელმაც დიმიტრი ხუნდაძის მსგავსად, გვიპასუხა, რომ ამ ფაქტის შესახებ პირველად ჩვენგან შეიტყო და მცხეთაში ავტობაზრობის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება არავის მიუღია", - ნათქვამია გაზეთ "ვერსიის" სტატიაში.