სემეკთან ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ

სემეკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირებას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილემ, "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, დღევანდელი სხდომა ენერგეტიკასა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხს განიხილავს, უკანონოა.

"არანაირი სამართლებრივი, ან ეკონომიკური საფუძველი ტარიფების ზრდის არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს აქვს კომერციული ინტერესები, ბიზნესი აქვს უბრალოდ ენერგეტიკაში. შესაბამისად, პირადად კახი კალაძე და მისი ბიზნესიდან ენერგეტიკაში გადაყვანილი გუნდი ლობირებს ტარიფის 25 თეთრამდე გაზრდას. გარდა ამისა, მარეგულირებელმა კომისიამ პროცედურა დაარღვია, ვინაიდან ვალდებული იყო სხდომის თარიღი გამოეცხადებინა არა საიტზე, არამედ მოსახლეობის ინფორმირება მოეხდინა. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება სემეკის უკანონო იქნება", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

რაც შეეხება იმას, თუ რაში მდგომარეობს კახი კალაძის ბიზნესინტერესები, ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს კახი კალაძეს კაპიკებში გადაეცა 18 ჰიდროელექტროსადგური და 3 თბოელექტროსადგური.

"დღეს სწორედ თბოელექტროსადგურების განაცხადს განიხილავს სემეკი. ხვალ კი უკვე არის "ენერგო პროს" განაცხადის განხილვა. ეს ის ე.წ. ჩეხეთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც კალაძის და ნოღაიდელის მიერ იყო შემოყვანილი. შემდეგი იქნება "თბილგაზის" განაცხადის განხილვა. "თბილგაზის" მმართველად კალაძემ თავისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ყოფილი "კაგებეშნიკი" გიორგი ბენაშვილი დანიშნა", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ და დასძინა, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დაუფარავად ლობირებს ტარიფების ზრდას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

სემეკში თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხი დღეს, 12:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე განიხილება.