"ტარიფის გაზრდის საჭიროება ვალუტის კურსის გაზრდის გამო დადგა"

ტარიფის გაზრდის საჭიროება დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ გაიზარდა ვალუტის კურსი, - სწორედ ამ მიზეზით ხსნის სემეკის წევრი, გოჩა შონია თბოელექტროსადგურების მიმართვას ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თბოელექტროსადგურებს თვითონ უწევთ შეიძინონ ბუნებრივი აირი იმისთვის, რომ აწარმოონ ელექტროენერგია.

"კომისიაში შემოტანილი ჰქონდათ სატარიფო განაცხადები სამივე თბოელექტროსადგურს ტარიფის კორექტირებაზე. საქმე ეხება ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებას, შესაბამისად, კომისიამ დაიწყო ამასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და დღევანდელ სხდომაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება", - განაცხადა გოჩა შონიამ.

რაც შეეხება იმას, აისახება თუ არა სამომხმარებლო ტარიფზე სემეკის გადაწყვეტილება, გოჩა შონია წინასწარ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ცნობილი გახდება უკვე ხვალ, როდესაც სემეკი "ენერგო-პრო ჯორჯიას" განაცხადს განიხილავს.

ამ წუთებში კი სემეკში თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხს განიხილავენ.

სხდომას "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და ის მოქალაქეები ესწრებიან, რომლებიც ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ.