„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 369 924-ს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
2024 წელს ამ ბაზაში 34 758 არასრულწლოვანი პირველად დარეგისტრირდა. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ბაზაში მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება - 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, გასულ წელს მათი რაოდენობა 22 629-ით (ანუ 6.12%-ით) გაიზარდა, ხოლო თუკი 2019 წელს შევადარებთ - 219 711-ით - ახლანდელი რაოდენობა მაშინდელზე თითქმის 2.5-ჯერ (2.46) მეტია.
„სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბავშვის შესაძლო უფლებადარღვევის შესწავლილი საქმეებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი, 2024 წელსაც, სწორედ ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბესა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა“, - აღნიშნულია იოსელიანის წლიურ ანგარიშში.