BRICS-ის ქვეყნებმა საკუთარი საინვესტიციო ბანკი გახსნეს

შანხაიში BRICS-ის ქვეყნების "ახალი განვითარების ბანკი" გაიხსნა, რომლის მთავარი საქმიანობა გაერთიანებაში შემავალი ქვეყნების ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირება იქნება.

ბანკის შექმნას ბრიკსის ჯგუფში შემავალმა ყველა ქვეყანამ - ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა, ჩინეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ - ერთხმად დაუჭირა მხარი.

ახალი ბანკი კრედიტების გაცემას მომავალი წლის დასაწყისიდან დაიწყებს. ბრიკსის „ახალი განვითარების ბანკის“ გახსნას ბევრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთგვარ კონკურენტად მიიჩნევენ, თუმცა ბრიკსის ჯგუფის ქვეყნები ამას უარყოფენ.

„ჩვენი მიზანი არა არსებული სისტემის კონკურენციაა, არამედ ამ სისტემის გაუმჯობესება და ჩვენებურად შევსებაა“, - განაცხადა „ახალი განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმა, კუნდაპურ ვამან კამატმა.