"არც შინაარსობრივად და არც ფუნქციურად მცხეთაში ავტობაზრობის გადატანა არ შეიძლება"

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი, დავით მესხიშვილი რუსთავის ავტობაზრობის მცხეთაში სავარაუდო გადატანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

Bpn.ge უცვლელად გთავაზობთ დავით მესხიშვილის პოსტს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით არ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, ჩვენი ასოციაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი თემის თეორიულ დონეზე განხილვაც კი. მით უმეტეს, სვეტიცხოვლის მოპირდაპირე მხარეს. ასევე როგორც ვიგებთ, შესაძლოა, საუბარი იყოს ჯვრის მონასტრისა და წიწამურს შორის არსებულ ნაკვეთებზე, რომლებიც ფაქტობრივად, ჯვრის არეალია. არც შინაარსობრივად და არც ფუნქციურად მცხეთაში ავტობაზრობის გადატანა არ შეიძლება. მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსგან ან უარყოს ან დაადასტუროს გავრცელებული ინფორმაცია“, - წერს დავით მესხიშვილი „ფეისბუქზე“.

გაზეთ „ვერსიაში“ დღეს გამოქვეყნდა სტატია, სადაც გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლოა, რუსთავის ავტობაზრობა მცხეთაში გადაიტანონ.