სემეკ-ში სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

სემეკ-ში თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების დადგენასთან დაკავშირებით სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.

სხდომას ესწრებიან არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები - "მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია და "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია, ასევე, ის მოქალაქეები, რომლებიც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდას აპროტესტებენ.

თავდაპირველად სხდომაზე სიტყვა "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა ითხოვა და პარლამენტის წევრებს მიმართა. "მივმართავ პარლამენტარებს, რომ გაუსიებიათ ერთი ადგილი, მოიტანონ თავისი ხორცი და ამ ხალხთან ერთად გააპროტესტონ ტარიფის გაძვირება",- განაცხადა ძაგანიამ.

ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა, რამდენი აქვს ხელფასი სემეკ-ის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს. ირინა მილორავამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია კანონით დადგენილი წესით მიიღოს და შესაბამისი ინფორმაცია ინტერნეტიდან ამოიღონ.

ოპოზიციონერმა სოსო შატბერაშვილმა კი აღნიშნა, რომ თუ სემეკ-ი დღეს ტარიფის გაზრდას გაბედავს, მოსახლეობა მოითხოვს, კომისია დაიშალოს, მათი წევრების ხელფასები ბიუჯეტში მიიმართოს, ხოლო ტარიფების დადგენაზე პასუხისმგებლობა პარლამენტმა აიღოს.

სხდომაზე შეკრებილი მოქალაქეები ტარიფის შესაძლო გაზრდას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ ისინიც დააზარალა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღევანდელ საჯარო სხდომაზე შპს "ჯიფაუერის", შპს "მტკვარი ენერგეტიკას", შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის საკითხს განიხილავს.