ექსპერიმენტი პირდაპირ ეთერში - რამდენ წამში პასუხობენ მოქალაქეების ზარებს კომუნალურ კომპანიებში

პალიტრა TV-ს გადაცემა "საქმეში" ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კომუნალური კომპანიების მომსახურებაში დარღვევები გამოავლინა.

ექსპერიმენტის მიზანი იყო, გამოევლინა, თუ რამდენად სწრაფად პასუხობენ მოქალაქეების ზარებს კომუნალურ კომპანიებში. ესპერიმენტში სემეკ-ის მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დირექტორი გიორგი ფანაგანიც მონაწილეობდა.

გიორგი ფანგანის ინფორმაციით, 2012 წელს "სემეკმა" დაამტკიცა კომერციული მომსახურების ხარისხის წესები ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის. ამ წესების მიღების შემდეგ კომპანიებს აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები.

"ამ წესების მიღების შემდეგ კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ჰქონდეთ ქოლცენტრი, ასევე აქვთ ვალდებულებები, როგორ უნდა მუშაობდეს ქოლცენტრი. მაგალითად, პასუხის დრო. როდესაც დარეკავთ კომპანიაში, მას შემდეგ რაც დამთავრდება მისასალმებელი სიტყვა, პასუხის დრო არ უნდა აღემატებოდეს 30 წამს. შემდეგ, უკვე რამდენი ხანიც დასჭირდება თქვენი მოთხოვნის დამუშავებას, ინფორმაციის მიღებას და ასე შემდეგ, ეს განსაზღვრული არ არის",-აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

გადაცემა "საქმის" მსვლელობის დროს ექსპერიმენტის ფარგლებში განხორციელებულ ზარს კომპანია "თელასში" 30 წამის განმავლობაში არ უპასუხეს.

კომპანია "კახეთის ენერგოდისტრიბუციაში" განხორციელებულ ზარზე პასუხის მიღებას წუთნახევარი დასჭირდა. ასევე საჭირო გახდა ტელეფონის ნომრის მოძიება, რადგან ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული ნომრით გადაცემიდან კომპანიასთან დაკავშირება ვერ შეძლეს.

კომპანია "სოკარ გაზში" განხორციელებლ ზარზე პასუხი გადაცემაში რამდენიმე წამში მიიღეს. ოპერატორმა ასევე მოკლე დროში უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენია კომერციული ტარიფი რეგიონებში.

გადაცემის მსვლელობის დროს, სულ კომუნალური მომსახურების ხუთ კომპანიაში განხორციელდა ზარი. აქედან ოთხ კომპანიაში 30 წამამდე დროში არ უპასუხეს. 30 წამის განმავლობაში პასუხი მხოლოდ ერთ კომპანიაში "სოკარ გაზში" მიიღეს.

"სემეკის" მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დირექტორის თქმით, მომხმარებელმა, რომელიც უკმაყოფილოა კომუნალური მომსახურების კომპანიების მომსახურებასთან დაკავშირებით, "სემეკს" უნდა მიმართოს: "ნებისმიერი პრობლემა, რაც კომუნალური მომსახურების კომპანიებს ეხება, მომხმარებელი უნდა მოვიდეს ჩვენთან, სემეკში. ჩვენ ყველა მომხმარებელს ვეხმარებით და მათ უფლებებს ბოლომდე ვიცავთ", - განაცხადა გიორგი ფანგანმა.