ადგილობრივ მომხმარებელში ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქცია მნიშვნელოვნად ჭარბობს ადგილობრივ წარმოებას, საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარობა მომხმარებელში სულ უფრო იზრდება. მომხმარებელთა უმრავლესობა ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო ხშირად სწორედ ქართულ პროდუქციას ირჩევს.

bpn.ge-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გამოკითხულთა 68,4% სწორედ ქართულ პროდუქციას ყიდულობს. გამოკითხულთა 11,65% კი მხოლოდ ქართულ საკვებ პროდუქტს ყიდულობს, ზოგ შემთხვევაში ადგილობრივ ნაწარმზე არჩევანს გამოკითხულთა 15,6% აკეთებს, 4,71% კი უარს ამბობს ქართული პროდუქციის შეძენაზე. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 1 699-მა რესპონდენტმა მიიღო.

გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ქართული პროდუქციისადმი მათ ნდობას ძირითადად პროდუქციის მაღალი ხარისხი და ეკოლოგიური სისუფთავე განაპირობებს.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული პორდუქციის მოთხოვნის ზრდას რამდენიმე მიზეზით ხსნის ექსპერტი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ფასია.

"ამ სასიკეთო ცვლილებას ბევრი მიზეზი აქვს. თუმცა, პირველ რიგში, ეს ალბათ ფასია - უცხოური პროდუქცია შედარებით ძვირია. გარდა ამისა, უცხოეთიდან ბევრი გენმოდიფიცირებული და ქიმიური დანამატების შემცველი პროდუქტი შემოდის, რომელიც ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც სასარგებლო არ არის. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ქიმიური მრეწველობა და დანამატები იმ დონეზე არ არის, პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და ამიტომ საბოლოოდ, მოსახლეობის დიდი ნაწილი უპირატესობას ქართულ პროდუქციას ანიჭებს", - აღნიშნა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომში მოქალაქეობრივი სიმწიფე, პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და კანონის წინაშე, ქართველ მეწარმეებს ხელს შეუწყობს, რომ მათი წარმოებული პროდუქცია არ გახდეს კრიტიკის საგანი.

"მაგრამ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მოთხოვნისა, ქართული პროდუქციის წილი სამომხმარებლო სეგმენტში დაბალია და მის ზრდაზე მიდის მუშაობა", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

ბოლო წლებში ქართული პროდუქციის მიმართ მომხმარებელთა ინტერესის ზრდაზე საუბრობას ორგანიზაცია "აირჩიე ქართულის" პროექტის მენეჯერი ნინი მოსიაშვილიც. მისი განმარტებით, ორგანიზაცია ხუთი წელია უკვე სისტემატურად აწყობს ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას, თუმცა ბოლო წლებში მოთხოვნა, როგორც კომპანიების, ისე მომხმარებლების მხრიდან მკვეთრად გაიზარდა.

"გამოფენიდან გამოფენამდე ქართული პროდუქციით დაინტერესება და აქტუალურობა სულ უფრო იზრდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გაიზარდა არა მხოლოდ, მყიდველთა ინტერესი და რაოდენობა, არამედ გამოფენაში მონაწილე კომპანიათა რაოდენობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიებმა გააფართოვეს წარმოება, რადგან არის მოთხოვნა. ჩემი აზრით, ინტერესის ზრდის ძირითადი მიზეზი ხარისხის ზრდაა", - ამბობს ნინი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, ხარისხის გაფუჭების ნაცვლად, ქართული კომპანიები მომხმარებელზე მორგებულები გახდნენ, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია მეწარმეების მხრიდან.

ბოლო პერიოდში, საკვები პროდუქტის გარდა, ბაზარზე გამოჩნდა ქართული წარმოების ჰიგიენის საშუალებები,  ტანსაცმელი, ასევე გაიზარდა ქართული მაღაზიების ქსელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მოთხოვნადია საქართველოში წარმოებული პროდუქცია ქართველ მომხმარებელში.

მარი ჯავახიშვილი