დენის გაძვირების პირველი ტალღა

ლარის გაუფასურებამ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება გარდაუვალი გახადა.

გაზეთ "რეზონანსის"

ცნობით, თბოსადგურებისთვის ელექტროენერგიის ტარიფმა დაახლოებით 30%-ით მოიმატა, რაც 7%-ით აღემატება ლარის გაუფასურების მაჩვენებელს. 2014 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 23%-ით გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის დანაკარგი გაითვალისწინა და ტარიფი მოსალოდნელზე მეტადაც გააძვირა, მათი გული მაინც ვერ მოიგო.

საქართვლეოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ფასი რამდენიმე თეთრით გაიზრდება.

ამ საკითხზე გუშინ მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც განხილვა 2 საათის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მაგალითად, თუ აქამდე შპს "ჯი ფაუერის" ელექტროენერგია ღირდა 7.399 თეთრი, დღეიდან უკვე "ჯი ფაუერი" ელექტროენერგიას გაყიდის 7.534 თეთრად, რაც შეეხება დანარჩენ ორ კომპანიას, მათი ელექტროენერგიის საშუალო ღირებულება ამ დრომდე 7 თეთრი იყო და ახლა ისინი უკვე 10 თეთრად შეძლებენ ელექტროენერგიის გაყიდვას. შპს "მტკვარი ენერგეტიკის" ტარიფი - 7.229-დან 10.881-მდე, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" ტარიფი კი - 7.319-დან 10.134-მდე მოიმატებს.

კომპანიების წარმომადგენლებს მცირე საფასო ცვლილება არ აკმაყოფილებთ და აცხადებენ, რომ სხვაობა ძალიან ცოტაა. მათი განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების გამო, ძალიან დიდი ზარალი მიადგათ და ახლა უწევთ იმაზე იაფად გაყიდონ ელექტროენერგია, ვიდრე თავად ყიდულობენ.

სემეკში ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მოთხოვნა საქართველოს ყველაზე დიდ სადისტრიბუციო კომპანიას "ენერგო პრო ჯორჯიასაც" აქვს შეტანილი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქვეყნის აბონენტთა 70%-ს დენის ტარიფი გაეზრდება. მთავრობამ ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ტარიფის სუბსიდირებაზე იმსჯელოს, თუმცა წლევანდელ ბიუჯეტში ამ კუთხით თანხა გათვალისწინებული არ არის.

"ტარიფის გაზრდის საჭიროება დღეს წესრიგში დადგა იმის გამო, რომ გაუფასურდა ვალუტის კურსი", - სწორედ ამ მიზეზით ახსნა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ თბოელექტროსადგურების მიმართვა ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თეს-ებს თვითონ უწევთ შეიძინონ ბუნებრივი აირი იმისთვის, რომ აწარმოონ ელექტროენერგია.

სემეკის გადაწყვეტილება გაუგებარი აღმოჩნდა "ენერგო პრო ჯორჯიაშიც", რომლის წარმომადგენელი მიხეილ ბოცვაძე თვლის, რომ თბოელექტროსადგურებს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი არასაკმარისად გაუძვირდათ. მისი თქმით, გამანაწილებელ კომპანიას ელექტროენერგიის აბონენტებისთვის მიწოდება უფრო იაფად მოუწევთ, ვიდრე თავად შეისყიდიან.

ბოცვაძე არ გამორიცხავს, რომ ნოემბერ-დეკემბერში რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდოს. მან ეს მოსაზრება საქართვლეოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამოთქვა, სადაც ის "ენერგო-პრო ჯორჯიას" შვილობილ კომპანია "ჯიფაუერს" წარმოადგენდა.

"ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ენერგოკომპანიის დანგრევა. უკვე გაჩერების პირას ვართ. უკვე იმ დონეზე ვართ, რომ ვცდილობთ, ქვეყანა დავტოვოთ. დღეს დადგა რეალობა, როცა "ჯიფაუერისთვის" ელექტროენერგიის გამომუშავების თვითღირებულება არის 10,5 თეთრი, ხოლო ბაზარს 7,3 თეთრად უნდა მიაწოდოს. მაშინ სახელმწიფომ ელექტროენერგია ზუსტად იმავე ფასად მოგვაწოდოს, რამდენადაც ყიდულობს. ჩვენი ზარალი ათობით მილიონს შეადგენს და ამას ვერ გავუძლებთ. თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გრაფიკი გვექნება", - აღნიშნა მიხეილ ბოცვაძემ.

"ენერგო პრო ჯორჯიას" განაცხადს სემეკი დღეს განიხილავს, რითაც გაირკვევა, შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი. ცნობილია, რომ კომპანია ტარიფის დაახლოებით 4-5 თეთრით გაზრდას ითხოვს.

არ არის გამორიცხული, ტარიფის გაზრდას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვეს. მოქალაქეების ჯგუფმა სემეკის შენობასთან აქცია გუშინვე გამართა. ისინი მოითხოვენ, რომ სემეკმა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფს არ გადახედოს.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, პოლიტიკოსმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, სემეკის დღევანდელი სხდომა უკანონოა, რადგან არ არსებობს სამართლებრივი და ეკონომიკური საფუძველი ტარიფის გაზრდისთვის და "იგი უკავშირდება ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძეს ინტერესებს". ბაღათურიას ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის 25 თეთრამდე გაზრდაა მოსალოდნელი.

"ტარიფის გაძვირება საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს და მოსახლეობას გააღატაკებს", - ამბობს ბაღათურია.

ენერგეტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ სემეკ-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ტარიფი სამართლიანად დაადგინა. დიდი ალბათობით, ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება. სწორედ ასე ფიქრობს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი რეზო არველაძე, რომლის შეფასებითაც, არსებულ ტარიფში აისახა ის დანაკარგი, რაც კომპანიებმა ლარის გაუფასურების გამო განიცადეს.

ტარიფის გაძვირებას ველოდი, რამდენადაც თბოელექტროსადგურებს შეტანილი ჰქონდათ განაცხადი და სემეკს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ლარის კურსიდან გამომდინარე, ტარიფი დაახლოებით 30%-ით შეიცვალა. მიმაჩნია, რომ ეს ახლოს არის სინამდვილესთან, მაგრამ თბოსადგურები აშკარად უკმაყოფილონი არიან. როგორც ჩანს, გაცილებით მეტს ითხოვდნენ. არა მგონია, მათი არგუმენტი სემეკმა მიიღოს და კვლავ მოხდეს უკვე შეცვლილი ტარიფის გადახედვა", - განაცხადა არველაძემ. მისი ვარაუდით, ცვლილება სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება.

სამომხმარებლო ტარიფის შემთხვევაში, წინასწარ მიჭირს თქმა, რას გაითვალისწინებს სემეკი და საბოლოოდ რა გადაწყვტეილებას მიიღებს. ცხადია, თბოელექტროსადგურებზე დაწესებული გადასახადი გარკვეული დოზით სამომხმარებლოზეც აისახება. ამ ტიპის ტარიფის განხილვის შემდეგ უფრო თამამად შევძლებთ შეფასებას, რამდენად ობიექტურად იმუშავა სემეკმა. ჯერჯერობით დასკვნის გამოტანა ნაადრევია", - დასძინა რეზო არველაძემ.

მართალია, სამომხმარებლო ტარიფზე ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი თქმულა, მაგრამ ეკონომიკის ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ მოსალოდნელ ცვლილებებზე პირველი განცხადება გააკეთა და სავარაუდო ციფრიც დაასახელა. მისი ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ელექტროენერგიაზე ტარიფები 4 თეთრით გაიზრდება.

როგორც ჯგერენაიამ "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, ტარიფი სამივე კატეგორიას შეეხება და ის შესაბამისად გაიზრდება 60%, 40% და 35%-ით.

"არსებული სიტუაციისთვის სამი სახის ტარიფია: 1. სოციალური ტარიფები 7-თეთრიანი ტარიფი, რომელიც 11 თეთრი გახდება; მეორე 11-თეთრიანი ტარიფი, რომელიც 15 თეთრი გახდება და მესამე - 15-თეთრიანი ტარიფები, რომელიც 19 თეთრი გახდება. პროცენტულად ასე გადანაწილდება ტარიფები, 60%-ით პირველ კატეგორიას ეზრდება, მეორეს - 40%-ით, ხოლო მესამე კატეგორიას 35%-ით," - განაცხადა ჯგერენაიამ.

მისი ვარაუდით, ტარიფების ზრდა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდასაც გამოიწვევს. "სავარაუდოდ, ინფლაცია აგვისტოს თვეში 7%-მდე გაიზრდება, ხოლო ბიზნესი ნაკლებად კონკურენტუნარიანი გახდება. ტარიფების გაზრდას ასევე წარმოების გაძვირება მოჰყვება, შესაბამისად, პროდუქცია, მათ შორის, პურის ფასიც გაიზრდება", - განაცხადა ჯგერენაიამ.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"