კრიშტიანუ რონალდუმ კინოკომპანია შექმნა

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ცნობილ ბრიტანელ რეჟისორ მეთიუ ვონთან პარტნიორობით კინოკომპანია, UR•Marv შექმნა.

ინფორმაციას Variety ავრცელებს.

ეს დამოუკიდებელი კინოსტუდიაა, რომლის მიზანიც ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ტრადიციული მეთოდების შერწყმით კინოწარმოებისადმი მიდგომის შეცვლაა.

კომპანიამ უკვე დაასრულა მუშაობა ორ მძაფრსიუჟეტიან ფილმზე და ამჟამად მესამეზე მუშაობს. ისინი ერთი სერიის ფილმებია. პირველი ფილმის დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

40 წლის კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც სპორტული კარიერის დასასრულს უახლოვდება, ბოლო დროს თავის ბრენდს ფეხბურთის მიღმაც აფართოებს და ინვესტიციებს მედიაში დებს. კერძოდ, 2023 წელს ის პორტუგალიური მედიაკონგლომერატ Medialivre-ის ინვესტორი გახდა, ხოლო 2024 წლის აგვისტოში საკუთარი YouTube-არხი, UR Cristiano გახსნა.

Bloomberg-ის ცნობით, რონალდუს ინვესტიციები, ასევე, სასტუმროების ქსელსა და ფაიფურის მწარმოებელ პორტუგალიურ კომპანიაში წილებს მოიცავს. მან ახლახან ლისაბონში ჩოგბურთის კლუბის შეძენის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

რაც შეეხება მის ახალ ბიზნესპარტნიორ მეთიუ ვონს, ცნობილი ბრიტანელი კინოპროდიუსერისა და რეჟისორის ნამუშევრებს შორის არის ფილმები: „ფენოვანი ნამცხვარი“ (“Layer Cake,” 2004 წ.), „ვარსკვლავური მტვერი“ (“Stardust,” 2007 წ.), 2010 წლის „Kick-Ass,“ ასევე, “იქს-ადამიანები: პირველი კლასი” (“X-Men: First Class,” 2011 წ.), 2014 წლის ფრენჩაიზი, “კინგსმენი: საიდუმლო სამსახური” (“Kingsman: The Secret Service”) და სხვ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ