საქართველოში ბოსტნეულის წარმოება შემცირდა, ხილის კი გაიზარდა - „საქსტატი“

წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ხორბლის წარმოებამ 148.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ქერის წარმოება 8.5 პროცენტით შემცირდა და 48.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 223 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 16.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, კარტოფილის წარმოება 12.1 პროცენტით გაიზარდა და 221.1 ათასი ტონა შეადგინა.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2024 წლის განმავლობაში წარმოებულია 134.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 5.4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს

„2024 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.8 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.0 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 15.6 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.2 ტონა/ჰა.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში წარმოებულია 243.6 ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც 25.2 პროცენტით აღმატება წინა წლის შესბამისი პერიოდის მაჩვენებელს. რაც შეეხება ხილის განაწილებას სახეობების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 89.7 ათასი ტონა თესლოვანი ხილი (46.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე), ასევე 77.1 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (22.0 პროცენტით მეტია), 52.4 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (14.7 პროცენტით მეტია), 16.7 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (10.7 პროცენტით ნაკლებია), 7.7 ათასი ტონა კენკროვანი ხილი (32.8 პროცენტით მეტია).

გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2024 წელს წარმოებულია 321.5 ათასი ტონა ყურძენი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55.4 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 22.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე,“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.