„ზაფხულში ლარი ყოველთვის მყარდება ხოლმე, წელსაც ასეთივე მოცემულობას უნდა ველოდოთ“, - განაცხადა ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცუცქირიძის თქმით, ლარის კურსის ამჟამინდელი მდგომარეობა და დინამიკა სტაბილურობის მანიშნებელია.
„ზოგადად, მაისიდან ტურისტული ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება. ის, რომ თბილისის ქუჩებში ახლაც ბევრი ტურისტი მოძრაობს, ცხადია, ლარის გამყარებისთვის პოზიტიური ფაქტორია, რადგან უფრო მეტი ვალუტა შემოდის.
ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორები არ შეცვლილა და ლარი ზაფხულობით ყოველთვის მყარდება ხოლმე, წელსაც ასეთივე მოცემულობას უნდა ველოდოთ. დღეს ლარის ფასი სტაბილურია და ეს კარგია, რადგან არც ძალიან გამყარებული ვალუტა ვარგა, ეს ექსპორტზე პირდაპირ აისახება“.
გამოცდილმა ეკონომისტმა ლარის გამყარების მიზეზებზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკა შენელებას არ განიცდის.
„იცით, რომ შარშან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლებთან შედარებით, საერთოდ სარეკორდო იყო. ლარის გამყარებას კვებავს ის, როცა ქვეყანაში უფრო მეტი დოლარი რჩება, ვიდრე - გადის. ინვესტიციებზე ამბობდნენ, რომ აღარ შემოდისო, მაგრამ გასული წლის ბოლოს, მე-4 კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 24%-ით მეტი ინვესტიცია განხორციელდა. გაზრდილია ექსპორტიც. რაც შეეხება ასევე აპელირებად პოლიტიკურ არასტაბილურობას, პირდაპირ ვიტყვი, რომ რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს 3-4 საათით რომ იკეტებოდეს, ეს ეკონომიკაზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს.
ასევე, არასწორი შეფასებებია ექსპერტებისგან, ალბათ, უფრო ოპოზიციური სპექტრიდან, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია. ვიცით, რომ გასულ წელს 9.5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, წლევანდელ პირველ ორ თვეშიც საერთოდ - 11%-იანი... თუ, ამ ფონზე, ტემპი ოდნავ შენელდება, თქვენი აზრით, არის ეს იმის საფუძველი, რომ ეკონომიკურ კრიზისზე აქცენტირება დავიწყოთ?! ეს ხომ ალოგიკურია“, - აღნიშნა ცუცქირიძემ.