სემეკ-ის წინ აქცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობის წინ სამომხმარებლო ტარიფის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებით აქცია გაიმართა.

შენობის წინ შეკრებილი იყვნენ "ქართული დასის" წარმომადგენლები, მათ თან ჰქონდათ პლაკატები: "რატომ ძვირდება ტარიფები". "კორუმპირებული ჩინოვნიკები ციხეში" და სხვ. ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ. იგი მოუწოდებს მოსახლეობას, თუ სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს და კანონიერი გზით, კონსტიტუციის ფარგლებში დაამხოს ეს ხელისუფლება.

"სამომხმარებლო ტარიფის ზრდას ეკონომიკური და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ამით დაინტერესებულია პირადად კახა კალაძე, რადგან მას ენერგეტიკაში ბიზნეს ინტერესები აქვს. თუკი სამომხმარებლო ტარიფი გაიზრდება, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს. თუ ხალხი ქუჩაში გამოვა, მე ვიქნები ამ დამხობის სათავეში, კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ყვარყვარეებმა ვეღარ გაასწრონ აეროპორტამდე", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისივე თქმით, "ენერგო პრო ჯორჯიამ" კომისიას მიმართა, 5 თეთრამდე გაზარდოს ტარიფი. დღეს არსებული სამომხმარებლო ტარიფი შეადგენს 17,5 თეთრს. ჯონდი ბაღათურიას თქმით, თავის მხრივ, ერთ-ორ თეთრს გამანაწილებელი კომპანიებიც დაუმატებენ და ამდენად სამომხმარებლო ტარიფი მისივე თქმით, 25 თეთრამდე გაიზრდება.

აქციის მონაწილეები სემეკის შენობაში შევიდნენ, სადაც კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისია სამომხმარებლო ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით საკითხს იხილავს.