"იკეას"  მკვლელი კომოდები

შვედური კონცერნი მომხმარებელს აფრთხილებს

შვედური კონცერნი "იკეა" და აშშ-ის მომხმარებელთა უსაფრთხოების ასოციაცია მომხმარებლებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ "იკეას" "მალმის" მოდელის კომოდის გამოყენებისგან.

"გარდიანის" ინფორმაციით, მომხმარებელთა გაფრთხილება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც კომოდის გადმოყირავებას აშშ-ში ორი ბავშვი ემსხვერპლა.

აშშ-ში "მალმის" მოდელის 7 მილიონი კომოდი გაიყიდა. თუმცა, "იკეას" განცხადებაში აღნიშნულია სხვა მოდელის კომოდებიც, რომლებიც აშშ-ში ჯამში 20 მილიონი გაიყიდა.

როგორც "იკეას" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "მალმის" კარადისა და სხვა მოდელის კარადების ყველა მფლობელს კომპანია უფასოდ სთავაზობს სამაგრების ნაკრებს, რათა კარადები კედელზე მიამაგრონ. თუმცა, კომპანია არ მოუწოდებს მომხმარებლებს კარადების უკან დაბრუნებისკენ. "იკეა" მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არ გამოიყენონ კარადები, რომლებიც კედელზე მტკიცედ არ იქნება მიმაგრებული.