იანვარ-თებერვალში რუსეთში ახალშობილთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კიდევ 3%-ით, 195,4 ათას ბავშვამდე შემცირდა.
ამის შესახებ „როსსტატის“ ბოლო მონაცემებში წერია.
რუსი დემოგრაფები სამოქალაქო რეესტრის დახურულ სტატისტიკაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ახალშობილთა რაოდენობით მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე დაფიქსირებული ანტირეკორდი განმეორდა. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში „ტრადიციული ღირებულებების“ პროპაგანდა მიმდინარეობს, აბორტები იზრდება და 8 შვილის ყოლისკენ მოწოდებები გაისმის, როგორც ეს ძველ რუსეთში იყო.
კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში შობადობა 7.6%-ით შემცირდა და თვეში სულ 90.5 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც, წინა წელთან შედარებით, 7.4 ათასი ახალშობილით ნაკლებია. მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შობადობის რიცხვი ორნიშნა ტემპით შემცირდა. თებერვალში დაბადებულთა რიცხვი 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, ხოლო ეს ანტირეკორდი მარტშიც განმეორდა.
„როსსტატის“ მონაცემებით, რუსეთში იანვარ-თებერვალში გარდაცვლილთა რიცხვი შობადობის რაოდენობას 1.6-ჯერ აღემატებოდა, ხოლო რეგიონულ დონეზე ეს სხვაობა ორჯერ და სამჯერ მეტია.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს რუსეთში 1,222 მლნ ბავშვი დაიბადა, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2014 წელთან შედარებით შობადობა მესამედით შემცირდა, ხოლო 2016-24 წლებში მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ 3 მლნ ადამიანს გადააჭარბა.
„როსსტატის“ ოფიციალური პროგნოზით, რომელიც 2020 წლის აღწერის შედეგებს ეფუძნება, შობადობა 2027 წელსაც 1,14 მლნ ბავშვამდე შემცირდება, ხოლო 2045 წელს ერთი-მეოთხედით ნაკლები ბავშვი დაიბადება, ვიდრე ყირიმის ანექსიამდე იყო, ანუ 1,426 მლნ ახალშობილი.
შედეგად, წელიწადში, დაახლოებით, 1.8 მლნ ადამიანის სტაბილური სიკვდილიანობის პირობებშიც კი რუსეთში ყოველწლიურად, საშუალოდ, 500 ათასი ადამიანი დაიღუპება და XXI საუკუნის შუა ხანებში ქვეყანა მოსახლეობის რაოდენობის 70-წლიანი მინიმუმით შევა. „როსსტატის“ საბაზისო პროგნოზით, 2046 წლისთვის რუსეთის ფედერაციის მუდმივი მცხოვრებლების რაოდენობა 138,8 მლნ ადამიანამდე, ხოლო „პესიმისტური“ სცენარის შემთხვევაში 130 მილიონამდე შემცირდება, რაც 1897 წლის რუსეთის იმპერიის დონეა.
შობადობის ორსაუკუნოვანი ყველაზე დიდი კლება აჩვენებს, რომ რუსეთი ხანდაზმული ადამიანების ქვეყნად გადაიქცევა. კერძოდ, “როსსტატი” პროგნოზირებს, რომ 2040-იანი წლების დასაწყისისთვის ქვეყანაში ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა 26%-ით, 20 მილიონამდე შემცირდება, ხოლო მოსახლეობაში მათი წილი 18,5%-დან 14,2%-მდე დაეცემა. ამასთან, პენსიონერების წილი 2046 წელს, პირიქით, 24.5%-დან 26.9%-მდე გაიზრდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ