ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3,348 თეთრით გაიზარდა

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

"ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

"ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილის მიხეილ ბოცვაძის განცხადებით, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და "ენერგო პრო ჯორჯია" იძულებული გახდება რამდენიმე თვეში კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

დღეს მოქმედი ტარიფები საფეხურების მიხედვით განსხვავებულია: კერძოდ, 0-100 კვტ/სთ-ზე და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის _ 7,630 თეთრი; 101-300 კვტ/სთ _ 11,000 თეთრი; 301 კვტ/სთ და მეტი _ 14,830. ახალი ტარიფი, შესაბამისად, 10,978, 14,348 და 18,178 ტეთრით განისაზღვრა.