აშშ-ს უკრაინაზე გამავალი „გაზპრომის“ მილსადენის გაკონტროლება სურს

აშშ-ის ხელისუფლება უკრაინას მოუწოდებს, კონტროლი გადასცეს ქვეყანაში გამავალ „გაზპრომის“ მილსადენზე, რომელიც გაზს ევროპას აწვდის.

ამის შესახებ Reuters-ს სასარგებლო წიაღისეულთან დაკავშირებით აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებზე ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

სააგენტოს წყაროს ცნობით, ასეთი მოულოდნელი მოთხოვნა უკრაინის მინერალური რესურსების განვითარების შესახებ დოკუმენტის ბოლო ვერსიაში გაჩნდა. კერძოდ, ამერიკულ მხარეს სურს, მილსადენი აშშ-ის მთავრობის მიერ კონტროლირებად საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (International Development Finance Corporation-DFC) გადაეცეს, რომელიც საზღვარგარეთ კომპანიებსა და პროექტებში ინვესტიციებზე არის პასუხისმგებელი.

წყაროს ცნობით, 11 აპრილს, მინერალურ რესურსებთან დაკავშირებით აშშ-უკრაინის ბოლო მოლაპარაკებები „ანტაგონისტურ“ ატმოსფეროში გაიმართა ვაშინგტონის მოთხოვნების გამო, რომლებიც კიევს არ აკმაყოფილებდა. კერძოდ, შეთანხმების ბოლო პროექტი, რომელსაც წყარო „მაქსიმალისტურს“ უწოდებს, შეერთებულ შტატებს უკრაინის მინერალურ რესურსებზე პრივილეგირებულ წვდომას ანიჭებს, ხოლო კიევს ავალდებულებს, ერთობლივ საინვესტიციო ფონდში ჩადოს ყველა ის შემოსავალი, რასაც უკრაინის სახელმწიფო და კერძო კომპანიები ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით იღებენ. ამ ფონდის მოგება, გეგმის მიხედვით, ბუნებრივი რესურსების მოპოვების უკრაინულ პროექტებში რეინვესტირდება. თუმცა დოკუმენტი კიევისთვის უსაფრთხოების პირდაპირ გარანტიებს არ შეიცავს. წყაროს ცნობით, უკრაინის მთავრობამ მომავალ გარიგებაზე გარე კონსულტანტად იურიდიული კომპანია, Hogan Lovells დაიქირავა.

კიდევ ერთი გავლენიანი გამოცემა, The New York Times (NYT) აზუსტებს, რომ აშშ საინვესტიციო ფონდიდან მიღებულ ყველა მოგებას მანამ მოითხოვს, ვიდრე კიევი, მინიმუმ, „ომში ამერიკული დახმარების ეკვივალენტურ ოდენობას დამატებითი წლიური 4%-ით არ აანაზღაურებს.“ ამასთან, ვაშინგტონს სურს, ახალ პროექტებზე „პირველი შეთავაზების უფლება“ დაიტოვოს და უკრაინის რესურსების მესამე ქვეყნებისთვის გაყიდვაზე ვეტოს უფლება ჰქონდეს.

ამასთან, NYT-ის ცნობით, შეთანხმების პირველ წელს უკრაინას მესამე მხარისთვის იმაზე უფრო ხელსაყრელი ფინანსური ან ეკონომიკური საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ეკრძალება, როგორიც ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული პირობებია. აშშ, ასევე, დაჟინებით მოითხოვს, რომ ფონდი DFC-ის მიერ კონტროლდებოდეს. კერძოდ, DFC-ს უფლება ექნება, ფონდის დირექტორთა საბჭოში სამი წევრი დანიშნოს, მაშინ, როცა, უკრაინა მხოლოდ ორი წევრის დანიშვნას შეძლებს. DFC, ასევე, ფონდის მიერ ინვესტირებულ თითოეულ პროექტს გააკონტროლებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ