თეთრი სახლის ადმინისტრაცია გრენლანდიელებისთვის ფინანსურ წახალისებას განიხილავს, რომ ქვეყანა აშშ-ის კონტროლქვეშ ნებაყოფლობით მოექცეს.
ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია გრენლანდიაში დანიის 600 მლნ დოლარის სუბსიდიების ჩანაცვლებასა და ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 000 დოლარის გადახდას განიხილავს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის ზოგიერთი ჩინოვნიკი მიიჩნევს, რომ ეს ხარჯი გრენლანდიის ბუნებრივი რესურსების მოპოვებიდან მიღებული ახალი შემოსავლებით დაკომპენსირდება, რაც მიწის იშვიათ ლითონს, სპილენძს, ოქროს, ურანსა და ნავთობს მოიცავს.
აღნიშნული გეგმა არქტიკული კუნძულის შეძენის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც 57 000-კაციანი მოსახლეობის გულის მოგებაა ფინანსური შეღავათების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებთან საბოლოო ინტეგრაციისთვის.
ტრამპის ადმინისტრაცია ხაზს უსვამს, რომ კუნძულის პოტენციალის გამოსავლენად საჭირო ინვესტიციებისა და მისი დაცვის უზრუნველყოფა მხოლოდ აშშ-ს შეუძლია.
ცნობისთვის: 2024 წლის 23 დეკემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა გრენლანდიაზე კონტროლი უნდა დააწესოს. მიმდინარე წლის 7 იანვარს მან დანიას მოუწოდა, გრენლანდია შეერთებული შტატებისთვის დაეთმო და ამის სამხედრო გზით იძულებაც არ გამორიცხა. 30 მარტს ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის აღსადგენად სამხედრო ძალის გამოყენება კვლავ არ გამორიცხა. 12 იანვარს ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი გრენლანდიის შეერთებულ შტატებთან მიერთების ყველა შესაძლო გზას, მათ შორის, ძალის გამოყენებას განიხილავს. ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სჭირდება, რადგან იქ ყველგან რუსული და ჩინური გემებია. 5 მარტს მან გამოთქვა რწმენა, რომ შეერთებული შტატები პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლს მოიპოვებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ