სემეკ-ის თავმჯდომარე - ეს არის სამართლიანი ტარიფი

ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

სხდომაზე სემეკმა "ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის ტარიფის 3,348 თეთრით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

"სემეკ-მა ტარიფის კორექტირებისას გაითვალისწინა რამდენიმე ფაქტორი. ძირითადად, ტარიფის კორექტირება განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსი გავლენას ახდენს, ეს არის თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ტარიფის კორექტირებაში მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ამ ორმა კომპონენტმა შეიტანა. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს", - განაცხადა მილორავამ და დასძინა, რომ ახალი ტარიფი ძალაში 2015 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა.

მისივე ინფორმაციით, "თელასს" ან სხვა ელექტროგამანაწილებელ კომპანიებს ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის არ მიუმართავთ.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის კი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა, რაც დღგ-ის ჩათვლით დაახლოებით, 3,95 თეთრია. კომპანია ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დღეს მოქმედი ტარიფები საფეხურების მიხედვით განსხვავებულია: კერძოდ, 0-100 კვტ/სთ-ზე და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის - 7,630 თეთრი; 101-300 კვტ/სთ - 11,000 თეთრი; 301 კვტ/სთ და მეტი - 14,830. ახალი ტარიფი, შესაბამისად, 10,978, 14,348 და 18,178 თეთრით განისაზღვრა.