"ენერგო პრო ჯორჯია" - ჩვენს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის ზრდა მოსალოდნელია 4,8 თეთრით

ღმერთმა ქნას, ელექტროენერგიის ტარიფის ამ ზრდაში ჩავეტიოთ, - ამის შესახებ სემეკ-ის დღევანდელი სხდომის შემდეგ "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კომპანიას "ამოსუნქთვის საშუალებას" მისცემს, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ვინაიდან "ენერგო პრო ჯორჯიას" პროგნოზით, ელექტროენერგიის საფასურის ზრდა 4,8 თეთრით არის მოსალოდნელი.

"ჩვენი გათვლით, 2015 წლის ჭრილში, როდესაც დასრულდება წელი, ჩვენს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის ზრდა მოსალოდნელია 4,8 თეთრით. სამწუხაროდ, კვლავ ვერ გამოვძებნეთ საერთო ენა კომისიასთან. ზრდა იქნება დაახლოებით 3,95 თეთრი. კომპანია კიდევ ადასტურებს, რომ თუ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 4,8-იანი ზრდა იქნა, ისევ სარეაბილიტაციო სახსრების მიმართვა უნდა მოხდეს ელექტროენერგიის შესყიდვაზე და ხარისხი, სამწუხაროდ, შეიძლება ისევ ვერ გავაუმჯობესოთ. თუმცა 4 თვე მალე გაივლის და ვნახოთ, რა დაჯდება ელექტროენერგია. ღმერთმა ქნას, ჩავეტიოთ ამ ზრდაში", - განაცხადა ბოცვაძემ.

რაც შეეხება მის გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა, ნოემბერ-დეკემბერში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება დაიწყოს, აცხადებს, რომ სისტემას კოლაფსი იმ შემთხვევაში ემუქრებოდა, თუ ტარიფის ზრდა არ მოხდებოდა.

"მადლობა კომისიას, რომ ამ გზით არ წავედით და ამოსუნთქვის საშუალება მოგვცა. მაგრამ თუ ისევ გაგვეზარდა ელექტროენერგიის ღირებულება, თუ ისევ იმპორტირებული კვოტით შევიძინეთ, თუ ოდნავ შეიცვალა ვალუტის კურსი, ჩვენ ისევ დავდგებით პრობლემის წინაშე. თუმცა მთავარი ამოსუნთქვა, რაც ამ ზამთარს დარწმუნებით გადაგვატანინებს, სახეზეა, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა ბოლომდე მაინც არ დაკმაყოფილდა", - განაცხადა ბოცვაძემ.

ამასთან, იგი ვარაუდობს, რომ 2016 წლის დასაწყისში კომპანიას კვლავ მოუწევს, სემეკ-ს ტარიფის ზრდის განაცხადით მიმართოს, თუმცა აცხადებს, რომ ეს თვითმიზანი არ არის.

ახალი ტარიფით დაანგარიშებულ ქვითარს კი მოსახლეობა უკვე 10 სექტემბრიდან მიიღებს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტები არიან საქართველოს რეგიონები, კახეთისა და თბილისის გარდა. 

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა, რაც დღგ-ის ჩათვლით დაახლოებით, 3,95 თეთრია. კომპანია ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დღეს მოქმედი ტარიფები საფეხურების მიხედვით განსხვავებულია: კერძოდ, 0-100 კვტ/სთ-ზე და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის - 7,630 თეთრი; 101-300 კვტ/სთ - 11,000 თეთრი; 301 კვტ/სთ და მეტი - 14,830. ახალი ტარიფი, შესაბამისად, 10,978, 14,348 და 18,178 თეთრით განისაზღვრა.