საუდის არაბეთი სირიის მიერ მსოფლიო ბანკის წინაშე აღებულ ვალს დაფარავს, რაც დამასკოს საჯარო სექტორის აღსადგენად და მხარდასაჭერად მრავალმილიონიანი გრანტების დამტკიცებისკენ გზას გაუხსნის.
ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს გეგმა, რომელიც აქამდე არ გახმაურებულა, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ საუდის არაბეთის მიერ სირიის დაფინანსების პირველი ცნობილი შემთხვევა იქნება. ამ გეგმით, Reuters-ის შეფასებით, სირიის მიმართ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების მხარდაჭერა მატერიალიზაციას იწყებს.
სირიას მსოფლიო ბანკის წინაშე, დაახლოებით, 15 მლნ დოლარის ვალი აქვს, რომელიც მანამდე უნდა დაიფაროს, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ახალ გრანტებს დაამტკიცებს და ქვეყანას სხვა სახის დახმარებას გაუწევს. თუმცა დამასკოს უცხოური ვალუტა არ გააჩნია, ხოლო საზღვარგარეთ გაყინული აქტივების გამოყენებით ვალის დაფარვის წინასწარი გეგმა ჩაიშალა.
წყაროების თქმით, მსოფლიო ბანკი სირიის ენერგოსისტემის აღდგენას განიხილავს, რომელიც ომის დროს სერიოზულად დაზიანდა. ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების მხარდაჭერის დაფინანსება იგეგმება.
ცნობისთვის: ხელისუფლებაში, თითქმის, 25-წლიანი ყოფნის შემდეგ ბაშარ ალ-ასადი 2024 წლის დეკემბერში რუსეთში გაიქცა, როცა ოპოზიციის ძალებმა ქვეყნის დიდი ნაწილი დაიკავეს და დამასკოში შევიდნენ. სირიას ახალი პრეზიდენტი, აჰმად ალ-შარაა ჰყავს. 24 თებერვალს ევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ გამოაცხადა. ცვლილებები ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საბანკო სექტორებზე მოახდენს გავლენას.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ