ჩინეთმა ადგილობრივ ავიაკომპანიებს ამერიკული Boeing-ის ახალი თვითმფრინავების მიღება აუკრძალა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
პეკინმა ავიაკომპანიებს, ასევე, ურჩია, ამერიკული კომპანიებისგან დროებით არც თვითმფრინავის ნაწილები და აღჭურვილობა შეიძინონ. ამასთან, მთავრობა განიხილავს, თუ როგორ დაეხმაროს იმ გადამზიდავებს, რომლებიც Boeing-ის თვითმფრინავებს იჯარით იღებენ და მზარდი ხარჯის წინაშე დგანან.
Aviation Flights Group-ის მონაცემებით, ჩინური ავიაკომპანიები Boeing 737 Max-ის, დაახლოებით, 10 თვითმფრინავის მიღებას ელოდებიან. მათ შორის, ორ-ორი ლაინერი China Southern Airlines-ს, Air China-სა და Xiamen Airlines-ს უნდა მიეღო. ზოგიერთი მათგანი უკვე სიეტლის საწარმოო ბაზის მახლობლად, ზოგი კი ჩინეთის საქალაქო ოლქ ჩჟოუშანშია.
წყაროების ცნობით, ზოგიერთი გადაზიდვა შესაძლოა, დაშვებულ იქნეს, რადგან დოკუმენტაცია და გადახდები აშშ-ის მიერ 12 აპრილის სარკისებური ტარიფების დაწესებამდე გაფორმდა.
ჩინეთის გადაწყვეტილების გამო სამშაბათის წინასაბაზრო ვაჭრობაზე Boeing-ის აქციები 2.5%-ით დაეცა.
Boeing-ის თვითმფრინავებზე შესაძლოა, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა და ევროპის უმსხვილესმა ავიაკომპანია Ryanair-მაც თქვას უარი, თუ ისინი გაძვირდება. გადამზიდავის შეფასებით, ეს მწარმოებლებსა და ავიაკომპანიებს შორის კონფლიქტს იმაზე გააჩენს, თუ ვინ უნდა დაფაროს დონალდ ტრამპის სავაჭრო ომით გამოწვეული ხარჯი. კერძოდ, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორ მაიკლ ო’ლირიმ Financial Times-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანია აგვისტოდან Boeing-ისგან კიდევ 25 თვითმფრინავის მიღებას ელოდება, რომლებიც „2026 წლის მარტამდე ან აპრილამდე“ არ დასჭირდება. ამდენად, Ryanair-ს შეუძლია, ეს თვითმფრინავები “გვერდზე გადადოს, ვიდრე საღი აზრი არ გაიმარჯვებს.“
გამოცემა წერს, რომ ტრამპის ტარიფები აეროკოსმოსურ ინდუსტრიაზე უკვე მოქმედებს და თვითმფრინავების მილიარდობით დოლარის ოდენობის მიწოდებას საფრთხეს უქმნის, რაც მიწოდების ჯაჭვში დაძაბულობას ზრდის.
ტარიფებთან დაკავშირებული გაურკვევლობა უჩვეულოა იმ ინდუსტრიისთვის, რომელიც 1979 წლიდან, ძირითადად, სავაჭრო ბარიერების გარეშე ფუნქციონირებდა.
ცნობისთვის: აშშ-ში იმპორტირებული დასრულებული თვითმფრინავები და მათი ნაწილები 10%-იან ტარიფს დაექვემდებარება. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში თვითმფრინავების აწყობა გაძვირდეს, რადგან მწარმოებლები მიწოდების საერთაშორისო ჯაჭვებზე არიან დამოკიდებული, რომლებიც აზიას, ევროპასა და აშშ-ს მოიცავს.
კომპანია Boeing-მა 11.83 მლრდ დოლარის წლიური ზარალი განიცადა, რაც 2020 წლიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელია, რადგან კომპანია თავის კომერციულ და თავდაცვით განყოფილებებში პრობლემებს, ხოლო აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს ქარხანაში მუშების დამანგრეველი გაფიცვის შედეგებს ებრძვის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ