პრემიერის განცხადების შემდეგ, რომ თბილისის ზღვაზე დევნილებს ბინები გადაეცემათ, თაღლითები გააქტიურდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ თბილისის ზღვაზე 600-მდე დევნილს გადაეცემა ბინა, თბილისში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ თაღლითები.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ისინი დევნილებს ატყუებენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ შეუძლიათ ამ ბინების მიღება.

"ვაფრთხილებთ ყველას, როგორც კი მსგავს წინადადებას მოისმენენ, გაქანდნენ შსს-ში, ან მოვიდნენ ჩვენთან და მოგვაწოდონ ინფორმაცია, ვერავინ მიიღებს ბინას დადგენილი წესის ავლით. ვერც ფულის გადახდით, ვერც თაღლითობით და ვერც აქციებით. არსებობს ძალიან მკაფიოდ დადგენილი წესები, ყველას შეხვდება ბინა, უბრალოდ თანმიმდევრობა და რიგი იქნება მკაფიოდ დაცული", - განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს არ წყვეტს მხოლოდ მისი უწყება, ამას წყვეტს ძალიან ფართო კომისია, რომელშიც შედიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.