ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა იგეგმება (+ფოტო)

სოფელ ტაბახმელაში, გიორგი კვერნაძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე ბიზნესმენი სულხან სულხანიშვილი სააგარაკე ტერიტორიის განაშენიანებას გეგმავს.

სკრინინგის ანგარიშიდან ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობი 164 905 კვ.მ-ს შეადგენს. ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის კონცეფცია ახალი თანამედროვე საცხოვრებელი უბნის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

კერძოდ, ადგილზე გათვალისწინებულია სააგარაკე-დასასვენებელი არაუმეტეს 3-სართულიანი საცხოვრებელი სახლების მოწყობა (მაქსიმალური სიმაღლე 12 მეტრი) მანსარდით და სარდაფით, რომელსაც ექნებათ კონკრეტული მასალით გადახურვის შეზღუდვა და მოხდება დასახლებული უბნის ერთიანი იერსახის შექმნა.

საპროექტო სივრცე დაყოფილია 135 ნაკვეთად, საიდანაც 128-ზე სააგარაკე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაა დაგეგმილი, თითო-თითო ნაკვეთზე განთავსდება საავტომობილო გზა და სარეკრეაციო სივრცე. დარჩენილი ხუთი მიწის ნაკვეთი კი განაშენიანების მიღმა დარჩება.

ასევე, განსაზღვრულია საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის აუცილებელი შემდეგი ინფრასტრუქტურის შექმნა: მოწესრიგებული ეზო, ორგანიზებული პარკირების ადგილი, ფერდობის გამწვანება ხე-ნარგავებით, სააგარაკე მიკრო უბნის და შესაბამისი გარემოს შექმნა, ტექნოლოგიურად გამართული სანიაღვრე, საკანალიზაციო და კომუნალური ქსელების დაგეგმვა.

„განსაზღვრულია შეიზღუდოს ტერიტორიაზე მაღალი განაშენიანება და შენობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვროს 12მ-ით. გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირების გეგმაში ვალდებულებად ჩაიდოს, რომ გამოყენებული იქნება ერთი ტიპის სამშენებლო მოსაპირკეთებელი მასალა, რომლის გადახურვის მასალად გამოყენებული იქნება ერთი ტიპის ან ფაქტურის მასალა, რადგან მოხდეს ფერდზე ერთიანი ვიზუალის შენარჩუნება და არ იყოს ქაოტურად განთავსებული შენობები რათა ტერიტორია აღქმული იყოს ერთ მთლიან ორგანიზმად რაც ვიზუალური თვალსაზრისით შეერწყმება არსებულ გარემოს“, - აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

3-1744794283.jpg

tabaxmela1-1744794304.jpg

tabaxmela2-1744794326.jpg

tabaxmela4-1744794343.jpg

tabaxmela5-1744794357.jpg

მერი ტაბატაძე