სადგურის მოედანი და დადიანის გამზირი ერთმანეთს ხიდით დაუკავშირდება - მერიამ ტენდერი გამოაცხადა (+ფოტო)

თბილისში, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მოეწყობა. დედაქალაქის მერიამ საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

როგორი იქნება განახლებული სადგურის მოედანი

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.5 მილიონ ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება 11 მაისს იწყება და 16 მაისს სრულდება.

მიმწოდებელმა კომპანიამ უკვე ჩატარებული კვლევის საფუძველზე უნდა მოამზადოს კონცეფცია და პროექტის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

შეგახსენებთ, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი ხიდი ორზოლიან იქნება. საავტომობილო ხიდს ექნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მასზე შერეული ნაკადების დაშვებას მხოლოდ არაპიკურ საათებში. ხოლო პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ.

კონცეფციის მიხედვით, საავტომობილო ხიდი იქნება 280 მეტრი სიგრძის, სწორ მონაკვეთში 8.5 მეტრი სიგანის, ხოლო 15 მეტრი სიგანის მოხვევის მონაკვეთში (ე.წ. სპირალი, რომელიც ეშვება სადგურის მოედანზე).

„ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7 მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის.

საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18 მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს, მისი მაქსიმალური გრძივი ქანობი - 10.7%, ხოლო მინიმალური რადიუსი - 12 მეტრი. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია ტექნიკურ დავალებაში.

xidi1-1742462109.jpgxidi-1742462110.jpg

dadiani1-1744798105.jpg

მერი ტაბატაძე