სომხური ცხვრის რეექსპორტმა საქართველოდან მთლიანი ექსპორტის ნახევარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყანაში უკვე 1 მილიონ 764 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვარი იმპორტზე შემოვიდა, ხოლო ექსპორტზე კი 3 მილიონ 756 ათასი დოლარის საქონელი გავიდა.

როგორც მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ბექა გონაშვილი აცხადებს, უკვე მეორე წელია, მეზობელი სომხეთიდან ცხვარი რეექსპორტზე შემოჰყავთ. მას დაბალ საფასურს ადებენ, რის გამოც ქართულ ადგილობრივ საქონელს მძაფრ კონკურენციას უწევს.

გონაშვილის თქმით, ქართული ცხვრის ხორცი ხარისხით გაცილებით მაღალია, შესაბამისად, რეალიზატორები სომხურ საქონელს ქართულად ასაღებენ, რაც საბოლოო ჯამში, ადგილობრივ წარმოებას აზარალებს.

"მეცხვარეობის განვითარებას საქართველოში ხელს მაღალი გადასახადები უშლის. საძოვრები ცოტაა, ქირა კი ჰა-ზე 15 ლარს აღწევს. ამას ემატება კვებისა და ვეტერინარული მომსახურების ხარჯები. ერთი ცხვრის თვითღირებულება 100 ლარს აჭარბებს, შესაბამისად, ფერმერები ფასსაც ვერ უკლებენ", - აცხადებს გონაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ცხვრის იმპორტს სომხეთიდან ზრდის ტენდენცია აქვს: თუ 2010 წელს მისი საერთო ღირებულება 363 ათასი დოლარი იყო, შარშან 4 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტის საერთო მოცულობაში კი 2014 წელს 20%-ს მიაღწია.

ბელა ნოზაძე