კანონი, რომლის მიღებაც 13 ივნისის ტრაგედიამ განაპირობა

საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, სატენდერო პროცესის გარეშე შესყიდვების ჩატარების წესები შემოიღოს.

როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ, უკვე განსაზღვრული და დადგენილია კრიტერიუმები, რომლის გამოც შესყიდვის განხორციელებისთვის ტენდერის ჩატარება აუცილებელი აღარ იქნება. ამას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შესატანი ცვლილები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა. კანონპროექტის განხილვა ამ დღეებშიც მიმდინარეობს. როგორც საკანონმდებლო ორგანოში აცხადებენ, კანონი სრულად 2015 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება.

როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თემურ მაისურაძემ გვითხრა, კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანა აუცილებელია.

- ბატონო თემურ, ვისი ინიციატივაა ეს და რატომ გახდა საჭირო კანონში მსგავსი ცვლილების შეტანა?

- ეს მთავრობის ინიციატივაა, მაგრამ თვითონ კანონპროექტი შესყიდვების სამსახურმა წარმოადგინა. შეიძლება ითქვას, რომ მისი მიღება და შემუშავება 13 ივნისის ტრაგედიამ გვიკარნახა: იმ ტრაგიკულმა ღამემ ფაქტის წინაშე დაგვაყენა - როდესაც საგანაგებო სიტუაციაა და საქმეს ერთდროულად ეჭიდება ორი, სამი, ან თუნდაც ოთხი ორგანიზაცია, იქ ერთგვარი დაბნეულობა და გაურკვევლობა იქმნება. შეიძლება ითქვას, რომ ეს ორგანიზაციები საკმაოდ მოუხერხებელ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. 13 ივნისის გამოცდილებამ გვიბიძგა იქითკენ, რომ განსაკუთრებულ სიტუაციაში მოქმედების წესები განსხვავებული უნდა იყოს და თან, ყველაფერს კანონი უნდა არეგულირებდეს. ამიტომ, ასეთი კანონის მიღება აუცილებელია.

- რა შემთხვევაში იქნება დაშვებული ტენდერის გარეშე შესყიდვების ჩატარება?

- ეს წესი რამდენიმე შემთხვევას შეეხება: პირველ რიგში კი ფორსმაჟორს, მაგალითად ისეთს, როგორიც თბილისში წყალდიდობის შემდეგ შეიქმნა. ფორსმაჟორის დროს ათასგვარი რამის შეძენა ხდება საჭირო. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ორგანიზაციას უფლება ექნება შესყიდვა დაიწყოს და ოფიციალური პროცედურები შესყიდვების სამსახურთან მოგვიანებით გაიაროს. თანაც, ეს ყველაფერი კანონის მიხედვით იქნება ნებადართული. ცვლილება, რომელსაც ამ დღეებში პარლამენტში განვიხილავთ, სწორედ საგანგებო ვითარებაზეა გათვლილი, ასეთ ვითარებაში სახელმწიფო უნდა იყოს მოქნილი, მობილური და სწრაფად რეაგირებდეს მიმდინარე მოვლენებზე.

- გარდა ფორსმაჟორისა, კიდევ რა შემთხვევებზე გავრცელდება ცვლილება?

- გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია მაშინაც, როცა რაღაც საქმე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი, მაგრამ არ არის დაკავშირებული ფორსმაჟორთან. ამ შემთხვევაში შესყიდვების სამსახურს სამდღიანი ვადა ექნება, რომ კომპანიის თხოვნაზე ან თანხმობა თქვას, ან უარი განაცხადოს. თუ საჭიროა, კომპანიას უნდა შეეძლოს ტენდერის გარეშე სამუშაოს დაწყება, ოღონდ უნდა ჰქონდეს სპეციალური მტკიცებულება, რომლითაც დაასაბუთებს, რამ გამოიწვია ასეთი საჭიროება. ასეთ დროს ორგანიზაციამ შესყიდვების სამსახურისგან სპეციალური ნებართვა უნდა მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სამუშაოს დაწყებას. თუ კომპანიას არა აქვს დრო, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურები დაიცვას, საქმე კი სასწრაფოა, მსგავსი შეღავათები უნდა მივცეთ. არის კიდევ ერთი გამონაკლისი, როდესაც მხოლოდ ერთ კომპანიას შეუძლია სამუშაოს შესრულება, ან საავტორო უფლება აქვს მოპოვებული, ან სხვა მიზეზის გამო... შესაძლოა, ეს იყოს ლიცენზიის, ან ერთადერთი ექსკლუზიური უფლების მქონე ორგანიზაცია, კანონი ამ შემთხვევასაც აუცილებლად გაითვალისწინებს.

- ცნობილია, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა მიმდინარეობს.

- დიახ, ამ დღეებში პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონი 1 ნოემბრიდან ამოქმედდება, მანამდე კი, რაღაც დეტალები კიდევ დაზუსტდება და ჩამოყალიბდება. ფაქტია, რომ ამ კანონის მიღება საჭიროებამ მოითხოვა: 13 ივნისის შემდეგ არაერთი ორგანიზაცია ცდილობდა ტრაგედიის შედეგების აღმოფხვრას, მაგრამ თითოეული ცალ-ცალკე მოქმედებდა. ამასთან, როდესაც რაღაცის შესყიდვა იყო საჭირო, კანონი ყველას ზღუდავდა, რაც მათ საქმიანობას ხელს უშლიდა. ფორსმაჟორის დროს იმავე წამს უნდა დაიწყო მოქმედება ისე, რომ დოკუმენტების მოძიება და ოფიციალურ მხარეზე ზრუნვა არ გჭირდებოდეს, ამიტომ, კანონში ასეთი მუხლის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ხათუნა ჩიგოგიძე