ბავშვთა სიმსუქნესთან ბრძოლა - ესპანეთის სკოლებს მენიუში ხილბოსტნეულისა და თევზის შეტანა დაავალდებულეს

ესპანეთის ყველა სკოლას ახალი კანონი სასკოლო მენიუში ხილბოსტნეულის, ხოლო კვირაში ერთხელ მაინც თევზის შეტანას ავალდებულებს. მიზანი ბავშვებს შორის ჭარბწონიანობასთან ბრძოლაა.

ინფორმაციას The Guardian ესპანეთის სოციალურ და სამომხმარებლო საკითხთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კანონი როგორც საჯარო, ასევე, ყველა დაწყებით და საშუალო კერძო სკოლას ეხება.

ახალი წესები მიმდინარე კვირას სამეფო განკარგულებით იქნა შემოღებული, რაც მთავრობამ ბავშვებს შორის სიმსუქნის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა. კანონი, ასევე, სკოლის სასადილოებში ვეგეტარიანული და ვეგანური კერძების დამზადებას მოითხოვს.

ამასთან, ხილისა და ბოსტნეულის, სულ მცირე, 45% სეზონური და, შეძლებისდაგვარად, ადგილობრივი წარმოების, ხოლო 5% ორგანულ პროდუქტად სერტიფიცირებული უნდა იყოს.

გარეთ დამზადებული პიცა და ღვეზელები სკოლის სამზარეულოებს თვეში მხოლოდ ერთხელ უნდა მიეწოდოს, ხოლო ყველა შემწვარი საკვები მხოლოდ ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთში უნდა დამზადდეს.

სკოლებს, ასევე, 5%-ზე მეტი შაქრის შემცველობის სასმლის მიწოდების უფლება ჩამოერთვათ. შეზღუდვები კოფეინის, ცხიმისა და მარილის შემცველობაზეც დაწესდა. სამთავრობო კვლევები აჩვენებს, რომ სკოლის სავაჭრო აპარატებში არსებული სასმელების ნახევარზე მეტი, ანუ 70% შაქრისა და კოფეინის შემცველობის ლიმიტს აჭარბებს.

ცნობისთვის: ესპანეთის კვების ეროვნული სააგენტოს კვლევის თანახმად, 2023 წელს ქვეყნის სკოლების 37% მოსწავლეებს კვირაში მხოლოდ ორ ან ნაკლებ პორცია ახალ ბოსტნეულს მიაწოდებდა, ხოლო შემწვარი საკვები, რომლის დაშვებული რაოდენობა კვირაში, მაქსიმუმ, ორ პორციას შეადგენს, პირიქით, ნორმას აღემატებოდა. სამომხმარებლო საკითხთა სამინისტროს ცნობით, 1200 სკოლას მენიუში თევზი არასდროს შეუტანია.

ამასთან, 2019 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 6-იდან 9 წლამდე ასაკის ესპანელი ბავშვების 40%-ზე მეტს ჭარბი წონა ჰქონდა, ხოლო მათგან 17.3% სიმსუქნეს განიცდიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ