საიდან და რა ფასად შემოდის ბატატი, რომელშიც დარღვევები აღმოჩნდა

იმპორტირებულ ტკბილ კარტოფილში, იგივე ბატატში დარღვევები გამოვლინდა. როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის დროს, ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-თებერვალში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, პროდუქტის იმპორტი 73%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, 2025 წლის 2 თვეში ქვეყანაში 46.18 ტონა (48.5 ათასი აშშ დოლარის) ბატატი შემოვიდა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში - 26.67 ტონა (34.5 ათასი აშშ დოლარის).

სტატისტიკის მიხედვით, 1 კგ იმპორტირებული ბატატის ფასი წელს საშუალოდ 1 დოლარია, გასულ წელს 1.3 დოლარამდე. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია საშუალო მაჩვენებლებით, გადასახადების გარეშე).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს იანვარ-თებერვალში (მხოლოდ 2 თვის მონაცემებია ჯერ ცნობილი) ტკბილი კარტოფილი მხოლოდ ორი ქვეყნიდან, ნიდერლანდებიდან და ეგვიპტიდან შემოვიდა.

უფრო კონკრეტულად:

  • ნიდერლანდები - 24.94 ტონა (34.9 ათასი აშშ დოლარი)
  • ეგვიპტე - 21.24 ტონა (13.5 ათასი აშშ დოლარი)

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ: „შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იქნა შეჩერებული.

კანონმდებლობით გათვალისწინებული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური