ხალხს "დენმა დაარტყა!"

ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება ქვეყანაში სოციალურ რისკს გაზრდის. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ტარიფი უსამართლოა და მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ზუსტად 2,5 წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" იმდენი შეძლო, რომ გადასახადის სიმძიმე ხალხს საკუთარ ჯიბეზე მტკივნეულად ეგრძნო - განახევრების ნაცვლად, ელექტროენერგიის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, ხოლო მესამე საფეხურის ტარიფი აქამდე არნახულ დონემდე გაიზარდა.

სემეკის გადაწყვეტილებით, რეგიონების მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაძვირდება. მარეგულირებელმა კომისიამ არ გაითვალისწინა "ენერგო-პრო ჯორჯიას" მოთხოვნა, რომ ტარიფი 4,8 თეთრით გაზრდილიყო, თუმცა ენერგეტიკოსების შეფასებით, გადასახადის 3,3 თეთრით ზრდაც ლარის გაუფასურებით გამოწვეულ დანაკარგთან შეუსაბამოა. ტარიფის დაბალანსება რატომღაც შეუძლებელი აღმოჩნდა, როცა ლარის დევალვაცია გავლენას მხოლოდ თბოსადგურების გამოშვებულ ელექტროენერგიაზე ახდენს. ჰესების უმეტესმა იაფმა ელექტროენერგიამ თეს-ებისა და იმპორტის ძვირი დენი "ვერაფრით დააბალანსა".

2014 წელს თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 19,5%-ს შეადგენდა, ხოლო იმპორტის წილი 8%-ს არ აღემატებოდა. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლები იყო, ხოლო თბოელექტროსადგურების წილი 17,5%-ს არ გასცილებია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ენერგომოხმარების 80%-მდე ჰესების მიერ წარმოებული 2-თეთრიანი დენია, ხალხს ყოველი კილოვატი 3,34 თეთრით გაუძვირდა.

როგორც "რეზონანსს" სემეკში განუცხადეს, ტარიფის კორექტირებისას მხედველობაში მიიღეს არა თბოელექტროსადგურების წილი, არამედ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება, რომელიც კომპანიებს ლარის დევალვაციის გამო გაუძვირდათ.

"მესმის, რომ თბოელექტროსადგურების წილი არის დაბალი, მაგრამ ტარიფის დადგენისას ჩვენ გავითვალისწინეთ ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება, რომლის წილი 75-80%-ს შეადგენს. ახალი ტარიფის დადგენისას სწორედ ეს ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი. მეთოდოლოგია, რის შესაბამისადაც ტარიფი შეიცვალა, 2014 წლის ივლისში კომისიის მიერ არის დამტკიცებული. მოქმედი კანონმდებლობით, კომპანიებს მიმდინარე წლის აპრილში ჰქონდათ შემოტანილი განაცხადი სატარიფო კომპონენტის შეცვლის მოთხოვნით. რეალურად ტარიფის კორექტირების შესაძლებლობა გვაქვს წელიწადში ერთხელ, განაცხადი ხელმეორედაც რომ შემოიტანონ, წლის ბოლომდე ჩვენ მას ვერ განვიხილავთ. წლის ბოლოს კი გვექნება ვალდებულება ტარიფს კვლავ გადავხედოთ", - განაცხადა სემეკის წევრმა გოჩა შონიამ.

სემეკ-ის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი 2015 წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. ახალი გადასახადი მომხმარებელს იმდენად ბუნდოვნად განემარტა, რომ შეიძლება ბევრს გამორჩეს, რომ სინამდვილეში გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ეს დასახელებული ციფრებიდან ჩანს. კერძოდ, სემეკის მიერ შემოთავაზებული მონაცემები მოიცავს ტარიფს დღგ-ს გარეშე. სინამდვილეში კი მომხმარებელი გაცილებით მეტს გადაიხდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

მაგალითისთვის, ტარიფის პირველი საფეხური, რომელიც 101 კვტ/სთ-ის ჩათვლით განისაზღვრება და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისათვის თითქოს 10,978 თეთრს შეადგენს, დღგ-ს გათვალისწინებით, ეს მაჩვენებელი 12,94 თეთრამდე ძვირდება. 101 კვტ/სთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, დღგ-ს გარეშე ტარიფი 14,348 თეთრია, მაგრამ მომხმარებლისთვის რეალურად 19,9 თეთრი იქნება, ხოლო მესამე კატეგორიის აბონენტებს, რომლებიც მოიხმარენ 301 კვტ/სთ-დან და მეტ ელექტროენერგიას, 21,4 თეთრის გადახდა მოუწევთ, ნაცვლად 18,1 თეთრისა, რომელიც სემეკმა კომპანიას დაუდგინა.

სხვაობას, რომელიც ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს, მომხმარებელი აუცილებლად იგრძნობს გადახდის ქვითრის მოსვლისას, როცა ტარიფის გადახდა დღგ-ს ჩათვლით მოუწევს.

მიუხედავად ამისა, "ენერგო პრო ჯორჯია" უკმაყოფილოა. იმ ფონზე, როდესაც კომპანიის წარმომადგენელი ელექტროენერგიის მოსალოდნელი გრაფიკით იმუქრება, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ის ირწმუნება, რომ ელექტროენერგიის ახალი ტარიფი მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს.

"ტარიფის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო იმ კომპონენტებით, რომლებზეც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს გახლდათ, ძირითადად, თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. მნიშვნელოვანი წილი ტარიფის კორექტირებაში სწორედ ამ ორმა კომპონენტმა შეიტანა. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას", - განაცხადა მილორავამ.

"ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილის, მიხელ ბოცვაძის განცხადებით, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ "ენერგო პრო"იძულებული გახდება რამდენიმე თვეში კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.

როგორც გაირკვა, მთავრობა საგადასახადო ტვირთის შემსუბუქებას გეგმავს მოსახლეობისთვის, მაგრამ მხოლოდ სოციალურად დაუცველთათვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, "მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის". მან მთავრობის სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს სუბსიდირების გეგმის მომზადება დაავალა. პრემიერის თქმით, გაძვირება მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე არ უნდა იგრძნოს.

"როგორც კი დადგინდება საბოლოო ტარიფი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებს ახალი ტარიფი ტვირთად საერთოდ არ დააწვეს. ჩვენ მოსახლეობას უნდა წარვუდგინოთ სუბსიდირების ის სქემა, რომელსაც ერთობლივად შევიმუშავებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ეკონომიკის სფეროს ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ტარიფის მომატებით სოციალური რისკი გაიზრდება. გადასახადი მძიმე ტვირთად დააწვება არა მარტო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას (რომელსაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაეხმარება), არამედ ასე თუ ისე შემოსავლიან ოჯახებზეც მტკივნეულად იმოქმედებს.

გია ხუხაშვილს ყველაზე მეტი ეჭვი აქვს სადისტრიბუციო კომპანიის მიმართ, რომელიც მთავრობას ულტიმატუმის ენით ესაუბრება.

"ფაქტია, რომ დენის ტარიფის გაძვირება გარდაუვალი იყო. როგორც კი ლარმა დევალვაცია დაიწყო და ეს პროცესი შეუქცევადი გახდა, ტარიფის მომატების აუცილებლობაც გაჩნდა. რატომღაც მგონია, რომ აქ დიდია კორუფციის რისკი. ხელისუფლებას ვურჩევ, დეტალურად შეისწავლოს საკითხი. მეტი გამჭვირვალობაა ამ პროცესში საჭირო", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ ტარიფის ზრდა, შესაძლოა, სოციალური უკმაყოფილების წინაპირობა გახდეს.

"სახელმწიფო შეეცდება, სოციალურად დაუცველებს ტვირთი შეუმსუბუქოს და სუბსიდირებას მოახდენს. ცხადია, ეს სისტემური და გრძელვადიანი გამოსავალი არ არის. ხალხს უნდა ჰქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ გაძვირებული ტარიფი საკუთარი ჯიბიდან გადაიხადოს. სახელმწიფო ყველას ვერ შეეხიდება, ამიტომ გაიზრდება სოციალური რისკი და დასაქმებულებისთვისაც კი ტარიფი მძიმე გახდება", - დასძენს გია ხუხაშვილი.

გუშინვე მორიგი უსიამოვნო ამბავი გახდა ცნობილი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის. როგორც კი "ენერგო პროს" მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, "თელასმა" აღარ დაახანა და სემეკს სატარიფო განაცხადით ელვის უსწრაფესად მიმართა. როგორც ჩანს, დედაქალაქის სადისტრიბუციო კომპანია სწორედ მარეგულირებელი კომისიის დასკვნას ელოდა.

"თელასიც" დენის გაძვირების საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს.

სემეკში აცხადებენ, რომ მზად არიან, კანონმდებლობის ფარგლებში განიხილონ კომპანიის განაცხადი და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ. სავარაუდოდ, 2-3 თვეში დენის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"