„რუსეთი ჩვენს შანტაჟს ვეღარ შეძლებს“ - რუსულ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ ჩეხეთის დამოკიდებულება 60 წლის შემდეგ დასრულდა

ჩეხეთის რესპუბლიკა პირველად ისტორიაში რუსული ნავთობმომარაგებისგან დამოუკიდებელი გახდა, რაც ტრანსალპური ნავთობსადენის (TAL) მოდერნიზაციის დასრულებამ განაპირობა.

ინფორმაციას მილსადენების სახელმწიფო კომპანია MERO ČR-ის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, იტალიის პორტ ტრიესტში მდებარე ნავთობბაზიდან არარუსული ნავთობის პირველი გაზრდილი პარტიები ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ნავთობბაზას უკვე მიეწოდა.

MERO-ს აღმასრულებელ დირექტორ იაროსლავ პანტუჩეკის თქმით, „ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩეხეთის რესპუბლიკა ნავთობით მხოლოდ დასავლეთის მარშრუტით, კერძოდ, TAL-ისა და IKL-ის მილსადენებით სრულად მარაგდება.“

TAL-ის მილსადენი იტალიის საზღვაო პორტ ტრიესტში იწყება, ავსტრია-გერმანიის ტერიტორიებს გადის და ჩეხეთის რესპუბლიკას IKL-ის მილსადენით უკავშირდება. IKL-ის, ანუ ინგოლშტადტი-კრალუპი-ლიტვინოვის მილსადენი გერმანიის სამხრეთით იწყება და კრალუპისა და ლიტვინოვში ჩეხეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკავშირდება.

ჩეხეთის რესპუბლიკას დასავლეთის მარშრუტით ახლა უკვე წელიწადში 8 მლნ ტონამდე ნავთობის გადმოტუმბვა შეუძლია, რაც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მოხმარებას სრულად ფარავს.

პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას განცხადებით, „დრუჟბას“ ნავთობსადენზე ჩეხეთის დამოკიდებულება, თითქმის, 60 წლის შემდეგ დასრულდა.

„რუსეთი მიწოდების შეწყვეტით ჩვენს შანტაჟს ვეღარ შეძლებს,“ - ამბობს პრემიერი.

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის სამი ქვეყნიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტს კვლავ ეწეოდა, ხოლო უნგრეთი და სლოვაკეთი ამას „დრუჟბას“ მილსადენის სამხრეთ განშტოებით დღემდე აკეთებენ. ეს განშტოება ევროპის ემბარგოს ჯერ არ ექვემდებარება.

რუსულ ნავთობსადენ „დრუჟბას“ წილი ჩეხეთის რესპუბლიკის მომარაგებაში 42%-ს შეადგენდა.

ცნობისთვის: ჩეხეთმა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის კურსი უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის ივნისში გამოაცხადა და უპირატესობა ბირთვულ ენერგიას მიანიჭა.

2024 წლის 1-ლი მარტიდან ევროკავშირმა რუსული ნავთობის ტანკერებით იმპორტიც საბოლოოდ შეწყვიტა. სატანკერო იმპორტი ყველაზე ბოლოს ბულგარეთმა აკრძალა, რისთვისაც ვადა ევროკავშირმა 2024 წლის ბოლომდე გადაუვადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ