თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს გამართულ მორიგ სხდომაზე ზედიზედ სამი წინა შემცირების შემდეგ ძირითადი წლიური განაკვეთი მოულოდნელად 350 საბაზისო პუნქტით, ანუ 42.5%-დან 46%-მდე გაზარდა.
ამის შესახებ რეგულატორის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზში წერია.
ასევე, ერთდღიანი სესხის განაკვეთი 46%-დან 49%-მდე, ხოლო ერთდღიანი დეპოზიტის განაკვეთი 41%-დან 44.5%-მდე გაიზარდა.
ეკონომისტების უმეტესობა ვარაუდობდა, რომ ძირითადი განაკვეთი 42.5%-ზე შენარჩუნდებოდა.
მარეგულირებელი აპრილში საბაზისო ინფლაციის მოსალოდნელ ზრდაზე მიუთითებს, რაც ფინანსურ ბაზრებზე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. ცენტრალური ბანკი ქვეყანაში ინფლაციური პროცესების მნიშვნელოვნად და სტაბილურად გაუარესების შემთხვევაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდგომი გამკაცრებისთვის მზად არის.
კერძოდ, ბანკი იმოქმედებს ისე, რომ საბაზისო ინფლაციის შესამცირებლად და საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის 5%-იანი მიზნის მისაღწევად აუცილებელი ფულად-საკრედიტო და ფინანსური პირობები შექმნას.
მარტის მოვლენებმა, როცა პოლიციამ სტამბოლის მერი და მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი კონკურენტი, ეკრემ იმამოღლუ დააკავა, თურქული ლირის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა გამოიწვია. 19-დან 21 მარტამდე საბაზრო შოკის გამო თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები 26.6 მლრდ დოლარით შემცირდა. მას შემდეგ, საერთო ჯამში, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა თავისი რეზერვებიდან 50 მლრდ დოლარი დახარჯა, ხოლო გაცვლითი კურსი დოლარზე 37.3–38.5 ლირის დიაპაზონში მერყეობდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ