„ტანსაცმლის დიზაინი თანამშრომლების უშუალო ჩართულობით შემუშავდა,“ - ამის შესახებ კონტროლიორების ახალ ფორმასთან დაკავშირებით, მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
უფრო კონკრეტულად, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებით, მათი 750 თანამშრომელი სპეციალური ფორმის ტანსაცმლით შეიმოსა.
მათივე განმარტებით, ახალი ეკიპირებით სააგენტოს თანამშრომლები საკუთარ მოვალეობას 14 აპრილიდან ასრულებენ.
„სპეციალური ფორმის ზაფხულისა და ზამთრის ტანსაცმლის სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გასული წლის თებერვალში გამოცხადდა და სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა.
ტანსაცმლის დიზაინი სააგენტოს თანამშრომლების უშუალო ჩართულობითა და მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რიგი მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდამრღვევებზე საჯარიმო ქვითრების შედგენის/გამოწერის უფლებამოსილება 2023 წლის პირველი აგვისტოდან მიენიჭა.
საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამომვლენი პირები სპეციალური ფორმის ტანსაცმლით უნდა იყვნენ შემოსილი,“- ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.