როგორ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი საქართველოში

"მთავარია, გავითავისოთ, რომ ველოსიპედის გამოგონება ამ სფეროში საჭირო არ არის"

ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი აქვს. ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, კაპიტალის ბაზრის ამუშვება საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი განვითარებული საფონდო ბირჟებია.

საქართველოს საფონდო ბირჟა ერთადერთი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, ხოლო საბირჟო ვაჭრობები 2000 წლიდან დაიწყო. 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში 129 კომპანიის ფასიანი ქაღალდია დაშვებული, რომელთა სრულმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 0,905 მილიარდ დოლარს, ხოლო დღიურმა ბრუნვამ 61,82 ლარს მიაღწია.

2006 წლიდან 2014 წლის ფარგლებში საქართველოს ემიტენტებმა საქართველოში 164 მილიონი დოლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდეს, საქართველოს ფარგლებს გარეთ კი $2.6 მილიარდი დოლარის.

საქართველოს ხელისუფლებას ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის მიახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. ეს პროცესი გულისმობს 22 დირექტივისა და რეგულაციის შინაარსის ასახვას ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ან მოცემულ მოხსენებაში აღწერილ სხვა კანონებში.

რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, როგორ უნდა განვითარდეს ეს ბაზარი და რა არის საჭირო მისი სრული განვითარებისთვის. ამ საკითხებზე bpn თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს კორპორატიული საბანკო საქმიანობის დარგში, დავით წიკლაურს ესაუბრა.

- თქვენი აზრით, რატომ არ არის საქართველოში განვითარებული დღეს კაპიტალის ბაზარი და რა არის ამის ძირითადი მიზეზი?

- სამწუხაროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოში კაპიტალის ბაზარის ფუნქციონირებისთვის საჭირო ფაქტორებს არც ერთი პოტენციური მონაწილეს მიერ სათანადო ყურადღება არ ექცეოდა და ცხადია, ხელშეწყობის გარეშე მას განვითარება გაუჭირდებოდა. ერთ-ერთი არაპირდაპირი მაგალითი იმისა, რომ სათანადო გეგმის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმატების მიღწევა, შეიძლება იყოს სახაზინო ობლიგაციები, რომლის ირგვლივაც ინფრასტრუქტურა და საჭირო ლიკვიდობა ეროვნული ბანკის ძალისხმევით შეიქმნა. დღეს ეს პროცესი (სახაზინო ობლიგაციების შეძენა/შენახვა/ა.შ.) სრულად გამჭვირვალე და ავტომატიზირებულია, ინტერესიც, შეიძლება ითქვას, რომ მაღალია. ასევე იყვნენ უცხოელი ინვესტორებიც, რომლებსაც გასული წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი თანხა ჰქონდათ სახელმწიფო ობლიგაციებში განთავსებული. ასევე ეროვნული ბანკის ინიციატივით, არის გეგმა რომ სახელმწიფო ობლიგაციები Clearstrem-ში ჩაერთოს, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ამ ქაღალდს ქვეყნის გარეთ მყოფი ინვესტორებისთვის. თუ სათანდო ყურადღება მიექცევა, ქვეყანაში ყველა კომპონენტის შექმნის შესაძლებლობა არსებობს, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი დაიხვეწოს. პირველი ნაბიჯები რაც საქართველოში უნდა გადაიდგას, არის ფასიანი ქაღალდების ირგვლივ არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და უფრო მეტად გამჭირვალე კორპორაციული მმართველობა. ამის შემდგომ თვით ბაზრის მონაწილეები იქნებიან დაინტერესებულნი, რომ ჩაერთონ როგორც კაპიტალის მოზიდვაში, ასევე ჭარბი ლიკვიდობის განთავსებაში ბირჟის ან კერძო განთავსებების მეშვეობით.

- თქვენი შეფასებით, რამდენად არის საქართველოში საფონდო ბირჟა განვითარებული?

- ბირჟას რაც შეეხება, გასული 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად, ბირჟა არ ფუნქციონირებდა და მის განვითარებას არავითარი ყურადღება არ ექცეოდა. თუმცა, გასულ წელს უფრო აქტიურად დაიწყო ბირჟის განვითარებასთან დაკავშირებული ძირეული საკითხების მოგვარება, რაც, ვფიქრობ, მანამდეც უნდა გაკეთებულიყო.

- რა გამოწვევები დგას დღეს საქართველოში კაპიტალის ბაზრის წინაშე? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად?

- კაპიტალის ბაზრის სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობს, ცოტა ხნის წინ დაასრულა კაპიტალის ბაზრის კვლევა და 45-მდე პრობლემა (ან საჭირო ცვლილება) გამოყო, არ ჩამოვთვლი, რადგან საკმაოდ ვრცელი სიაა. ახლა საჭიროა, მოხდეს ამ იდენტიფიცირებული პრობლემების ადრესაცია. ჩემი აზრით, როგორც ზემოთ აღვნიშნე საჭიროა, დავიწყოთ, საკანონმდებლო ბაზიდან და კორპორაციული მართველობის მეტი გამჭირვალობიდან, იქნება ეს საგადასახადო ნაწილის ცვლილება ფასიან ქაღალდებთან მიმართებში თუ მონაწილეების მიერ ფინანსური რეპორტინგის გაუმჯობესება. უნდა მოხდეს და აუცილებელია ინფორმაციის გასაჯაროება. ინვესტორი იმიტომ კი არ ყიდულობს ფასიან ქაღალდს, რომ ის რომელიმე დიდ კომპანიას ეკუთვნის, არამედ იმიტომ, რომ უნდა გარკვეული პროგნოზი გააკეთოს: იცოდეს, რა ხდება კომპანიის ირგვლივ, გაეცნოს ფინანსურ თუ არაფინანსურ ინფორმაციას და მიიღოს კვალიფიციური გადაწყვეტილება კონკრეტული ემიტენტის ფასიანი ქაღალდის ყიდვის შესახებ. წესით ასეც უნდა ხდებოდეს - გადაწყვეტილებას ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა ვიღებდეთ. საქართველოში კითხვის ნიშანი სწორედ აქ ჩნდება - მზად არიან თუ არა კომპანიები, ინფორმაცია გაუზიარონ საზოგადოებას საჯარო ემისიის შემთხვევაში და რაც მთავარია, რა ხარისხით შეძლებენ ამ ინფორმაციის მიწოდებას. ასევე, საკმაოდ კარგი ბიძგი იქნება საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, რომელიც მოთხოვნას გააჩენს, როგორც ქართული კომპანიების, ისე სახელმწიფო ფასიან ქაღალდზე.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა გახდეს ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო საერთაშორისო ინვესტორებისთვის?

- ინვესტორი, პირველ რიგში აკვირდება ქვეყანაში არსებულ გარემოს. ის სპონტანურად არ იღებს კონკრეტული ფასიანი ქაღალდის შეძენის გადაწყვეტილებას. აკვირდება მაკრო გარემოს, რამდენად დახევწილი და სტაბილურია საკანონმდებლო ბაზა, რეგულაციები, დაცულია თუ არა საკუთრების უფლება და ა.შ. მაგალითისთვის, არსებობს კანონი სამეწარმეო საქმიანობაზე, რომელიც მინიმუმ 45-ჯერ მაინც შეიცვალა ბოლო 20 წლის განმავლობაში, ანუ საშუალოდ ყოველ 5-თვეში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფაქტორის ასეთი ხშირი ცვლილება სტაბილურობის გარანტიას ვერ შექმნის. ამ მხრივ მრავალი საკითხის დახვეწა შეიძლება.

- რამდენად მნიშვნელოვანია განვითარებული კაპიტალის ბაზარი ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის?

- ეროვნული ვალუტის სტაბილურობა მაკროფაქტორებიდან გამომდინარეობს, მაგრამ მარტივად ვიტყვი და დასკვნა თქვენ გამოიტანეთ: თუ გარე ინვესტორებს დავაინტერესებთ, განათავსონ თანხები ეროვნული ვალუტით დენომინირებულ ადგილობრივ ფასიან ქაღალდში, მაშინ, რა თქმა უნდა, დადებითად იმოქმედებს - გაჩნდება მოთხოვნა ლარის აქტივებზე, ანუ შემოვა უცხოური ვალუტა, რომლითაც უნდა მოხდეს ჯერ ლარის შეძენა და შემდგომ ლარის თანხების განთავსება ფასიან ქაღალდში. მაგრამ თუ გრძელვადიანი ინტერესი არ შევქმენით, რომელიც უფრო დაკავშირებულია ქვეყნის მაკროფაქტორებსა და სტაბილურ გარემოსთან, მაშინ შესაძლოა, პირიქითაც კი მოხდეს. ანუ, ეკონომიკური შოკის შემთხვევაში გარე ინვესტორები ეცდებიან თანხის ქვეყნიდან გატანას, რაც ნიშნავს ლარის აქტივის (ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის) გაყიდვას, მიღებული ლარის კონვერტაციას უცხოურ ვალუტაში და ამ თანხის ქვეყის გარეთ, უფრო დაცულ გარემოში განთავსებას. ეს კი ლარზე დამატებით ზეწოლას შემქნის. შეგვიძლია მოვიყვანოთ რუსეთის მაგალითი. მართალია, იქ ბევრი სხვა ფუნდამენტური პრობლემაც არის, მაგრამ ეკონომიკური მდგომარეობის გაურესებასა და სანქციებს, რუსეთში მოჰყვა კაპიტალის მასიური გადინება ქვეყნიდან, რამაც დამატებითი ზეწოლა იქონია მათ ეროვნულ ვალუტაზე. სტაბილურ მაკროგარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

- თქვენი აზრით, როგორ უნდა განხორციელდეს კაპიტალის ბაზრის რეფორმა. როგორია თიბისი ბანკის პოზიცია ამასთან მიმართებაში?

- უნდა დაისახოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის განხორციელებაში ყველამ მიიღოს მონაწილეობა. საქართველოში ყველა პირობა არსებობს, ზოგი დასახვეწი, ზოგიც - არა, რომ კაპიტალის ბაზრები მუშაობდეს. ჩვენს ყველაზე ახლო მეზობელ ქვეყნებშიც კი, რუსეთზე არ მაქვს საუბარი, მაგალითად აზერბაიჯანში, საჯარო შეთავაზებების მოცულობა და რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოში. არ ვგულისხმობ იმას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უნდა შევედაროთ. არსებობს მრავალი სხვა წარმატებული გამოცდილება, რომლის შესწავლა და შემდგომ საქართველოზე მორგება შესაძლებელია. მაგალითად ესპანეთი, პოლონეთი და სხვა მრავალი. მთავარია, გავითავისოთ, რომ ველოსიპედის გამოგონება ამ სფეროში საჭირო არ არის.

მარი ჯავახიშვილი