"თელასში" ვერ აკონკრეტებენ, რა ოდენობით ითხოვენ სამომხმარებლო ტარიფის ზრდას

ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის რა ოდენობით ზრდას ითხოვს "თელასი", ჯერჯერობით უცნობია.

"თელასის" განცხადებით, კომპანიის განაცხადში საუბარია მხოლოდ იმ მიზეზებზე, თუ რის გამო დადგა დღის წესრიგში ტარიფის ზრდა, კერძოდ, იმაზე, რომ გაძვირდა ელექტროენერგია და არ არის დასახელებული კონკრეტული ციფრი, რა ოდენობით უნდა გაიზარდოს ტარიფი.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში კი აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რა მოთხოვნები აქვს "თელასს", საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ გახდება ცნობილი.

"როდესაც დაიწყება საჯარო-ადმინისტრაციული წარმოება, მაშინ გვექნება ოფიციალური მონაცემები და ყველას წარმოვუდგენთ პროექტის სახით, რას ითხოვს და როგორ კომპანია. საბუთები გუშინ იქნა შემოტანილი, კანონით განსაზღვრული სამდღიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ ვნახოთ, სრულყოფილად არის თუ არა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დავნიშნოთ საჯარო სხდომა და დავიწყოთ ადმინისტრაციული წარმოება. უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ვადებიც, რომ აღნიშნულ საკითხზე ყველა დაინტერესებულმა პირმა, ვისაც სურვილი ექნება, თავიანთი წინადადები წარმოადგინონ და ასევე, განვსაზღვროთ გადაწყვეტილების მიღების ვადა", - აცხადებენ სემეკ-ში.

"თელასმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით გუშინ მიმართა. კომპანია ტარიფის დადგენას ითხოვს და სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს. გუშინვე სემეკ-მა "ენერგო პრო ჯორჯიას" მიმართვის საფუძველზე მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასური 3,95 (დღგ-ის ჩათვლით) თეთრით გაუძვირა.

საქართველოში ელექტროენერგიის განაწილებას სამი კომპანია - "ენერგო-პრო ჯორჯია", "თელასი" და "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" – ახორციელებს. აქედან "თელასი" თბილისს ამარაგებს, "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" - კახეთის რეგიონს, "ენერგო პრო ჯორჯია" კი საქართველოს დანარჩენ რეგიონებს ფარავს.