აშშ, თურქეთი, რუსეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია - 3 თვეში ექსპორტი 5.7%, იმპორტი კი - 20.1%-ით გაიზარდა

2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.618 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, აქედან ექსპორტი 1.401 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 5.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.217 მლრდ. აშშ დოლარს (გაიზარდა 20.1 პროცენტით).

ამასთან, 1-ელ კვარტალში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2.816 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50.1 პროცენტია.

„2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (654.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (512.9 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (669.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (663.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (642.8 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-მარტში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 500.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 35.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 54.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 53 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მარტში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 622.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 14.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 301.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი),“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.