ჩოხატაურში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო

ჩოხატაურში, კულტურის სახლის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.

გურიის გუბერნიის ცნობით, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ და შპს "ვექტორის" დირექტორმა სოსო მამულაიშვილმა მშენებლობის ხელშეკრულებას ოფიციალურად მოაწერეს ხელი.

მათივე ინფორმაციით, ცერემონიას დაესწრნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გურიის მხარეში გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"აღნიშნულ ადგილზე კულტურის სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო. წინა ხელისუფლებამ დაუსრულებელი შენობა დაანგრია, მაგრამ ახლის აშენება ვეღარ შეძლო. დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში კი, კულტურის ახალი სახლის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა, რომელიც მომავალი წლის სექტემბერში დასრულდება.

როგორც გია სალუქვაძემ აღნიშნა, ჩოხატაურისთვის ინფრასტრუქტურა პრიორიტეტული მიმართულებაა და ადგილობრივებს აღნიშნული პროექტების დაპირებულ დროში წარმატებით განხორციელების პირობა მისცა. წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სხვადასხვა მიმართულებითაც დაიწყო", - აცხადებენ გუბერნიაში.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ის ობიექტები დაათვალიერა, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამიერიდან ჩოხატაურელები კეთილმოწყობილი აგრარული ბაზრით 2015 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისიდან ისარგებლებენ. ჩოხატაურის აგრარული ბაზრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შპს "ზაზო" გრაფიკის მიხედვით ასრულებს. ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, მოეწყობა დახლები და როგორც მოვაჭრეებისთვის, ისე მყიდველებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნება.

მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, დაათვალიერეს ბორის პაიჭაძის სახელობის განახლებული მუნიციპალური სტადიონი, სამხატვრო გალერეის მშენებლობა და დაბა ჩოხატაურის ქუჩების ( ჩიჩუას, გოგებაშვილის, ჯალაღანიას, ფიროსმანის, გოგიბერიძის) ბეტონის საფარისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები.

შპს "იმერეთი 2014" ახალ გალერეას წელს, სექტემბერში დაასრულებს.