სპორტული დაწესებულებები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის მერიის და საკრებულოს გადაწყვეტილებით, სპორტის დარგში ქონების გადასახადის არსებული განაკვეთი 1000-ჯერ მცირდება.

როგორც დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულოს მხრიდან იქნა მიღებული.

"უკვე შეუძლიათ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ სპორტის დაწესებულებებმა. ეს, ერთი მხრივ, სპორტის განვითარების ხელშეწყობისკენ არის მიმართული, რადგან არ არის ხშირ შემთხვევაში მომგებიანი და შემოსავლიანი სპორტული ობიექტები და მათი საქმიანობიდან გამომდინარე, თუ გვინდა სპორტული თაობა აღვზარდოთ, ხელი უნდა შევუწყოთ სპორტს და ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჯანსაღი მომავალი თაობის გაზრდისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, შეღავათებით ისარგებლებენ ის ობიექტები, რომლებიც ოლიმპიადისთვის აშენდა და ის ახალი ობიექტებიც, რომლებიც მომავალში აშენდება.

"ყველასთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური შვება, რათა ის სახსრები, რაც მათ უნდა გადაეხადათ ქონების გადასახადის სახით, დაზოგონ და მიმართონ სპორტის განვითარებისთვის", - განაცხადა ნარმანიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განმარტებით, ეს მნიშვნელოვანია დედაქალაქში არსებული სპორტული დაწესებულების განსავითარებლად და იმისთვის, რომ ახალგაზრდები უფრო მეტად ჩაერთონ სპორტში.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის საკრებულოს და მერიას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

"ეს იყო სპორტული საზოგადოების მოთხოვნა. მადლობა მერიას და საკრებულოს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. სპორტში მოხდება ფულის დაზოგვა და ეს ფული სპორტის განვითარებას მოხმარდება", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

რაც შეეხება თავად ცვლილებებს, ცვლილებები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ დადგენილებაში შევიდა. ცვლილების მიხედვით, სპორტის დარგში ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი 1%-ის ნაცვლად 0.001% იქნება. აღნიშნული განაკვეთი ძალაში უკვე შევიდა და 2017 წლის 1 იანვრამდე შენარჩუნდება. საგადასახადო შეღავათი სახელმწიფო ან კერძო სპორტული ორგანიზაციის ბალანსზე აღრიცხულ ქონებას, კერძოდ, სპორტულ დარბაზებს, საფეხბურთო სტადიონებს, საცურაო აუზებს და სხვა სპორტულ ობიექტებს შეეხება.