„ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ საბრძოლველად მთავარი, რაც გვჭირდება, ინფორმაცია და სათანადო ფორმით რეაგირებაა“, - ფუტკრების ოჯახებზე გავრცელებული დაავადების შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ალეკო პაპავა ესაუბრა.
პაპავას თქმით, დაავადება ტროპილელაფსოზი, რომელიც ქართული ფუტკრების ოჯახებს ბოლო პერიოდში სერიოზულად უქმნის საფრთხეს, შესწავლილია, მეფუტკრეებმა კი ეს ყველაფერი უბრალოდ სათანადოდ უნდა შეიმეცნონ და პრაქტიკაში გამოიყენონ.
„ეს დაავადება შესწავლილია და ვიცით, როგორც უნდა ვებრძოლოთ - ნებისმიერ მეფუტკრეს ხელი მიუწვდება იმ საბაზისო ინსტრუქტაჟზე, რაც ასეთ დროს უნდა შეასრულო. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საქართველოში მეფუტკრეთა აბსოლუტური უმრავლესობა ასაკოვანია, ნაკლებად აქვს შეხება ინტერნეტთან და მათთვის ინფორმაციის მიწოდება არც ისე ადვილია. ცხადია, არსებობენ გამონაკლისებიც, მაგრამ უმრავლესობა მაინც ინფორმაციულ ვაკუუმშია, რაც, სამწუხაროდ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ფუტკრის ოჯახებს.
ისინი თავიანთ ფუტკარს ძველი მეთოდებით უვლიან, არ ეცნობიან სიახლეებსა თუ ტენდენციებს, არადა, ყველაფერი სწრაფად იცვლება, ვითარდება და იხვეწება. ასეთ ადამიანებს ვურჩევდი, რომ სიახლეებს თვალი მიადევნონ, რათა მეტად დაცულები და დაზღვეულები იყვნენ. ძალიან დასანანი იქნება, ასეთ პირობებში, როცა არსებობს ინფორმაცია, რა როგორ უნდა გავაკეთოთ, ფუტკრების ოჯახები გაგვინადგურდეს“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი.
აქვე გეტყვით, რომ ალეკო პაპავამ აპრილის დასაწყისში დაავადება ტროპილელაფსოზზე „რადიო პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაავადებამ, შესაძლოა, ქართული ფუტკრის ოჯახების 50-60%-ის დაცემა გამოიწვიოს.