აზერბაიჯანში ქართული საქონელი  უკრაინულს კონკურენციას ვერ უწევს

ქართველი ფერმერები ახალ გამოწვევას ვერ პასუხობენ

ავტომობილების ბიზნესის ჩავარდნის კვალდაკვალ, რომელიც აზერბაიჯანში ექსპორტის შეზღუდვამ გამოიწვია და საქართველოს ეკონომიკას 100 მილიონი დოლარი დაუკარგა, პრობლემები უკვე მესაქონლეებსაც შეექმნათ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წელს იანვარ-ივნისში მსხვილფეხა ცოცხალი საქონლის ექსპორტი საქართველოდან შარშანდელთან შედარებით, ორჯერ შემცირდა და 10 მილიონ დოლარამდე დაეცა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტში უდიდესი წილი - 80% - მეზობელ აზერბაიჯანს უჭირავს და კლებაც მთლიანად ამ ქვეყანაზე მოდის (2014 წლის პირველ ნახევარში მეზობელ ქვეყანაში, თითქმის, 18 მილიონი დოლარის ცოცხალი პირუტყვი გადარეკეს, მაშინ როცა წელს ეს მაჩვენებელი 8 მილიონს ძლივს აღწევს).

როგორც ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნინო ზამბახიძე აცხადებს, საქართველოდან საქონლის ექსპორტით, წლებია, ძირითადად, თავად აზერბაიჯანელები არიან დაკავებულნი. ისინი ურიგდებიან ქართველ ფერმერებს და საქონელი მეზობელ ქვეყანაში გადაჰყავთ, თუმცა, წლის დასაწყისიდან ეს ბაზარი არასტაბილური გახდა.

"თებერვალ-მარტში ჩაიკეტა, შემდეგ ოდნავ გამოცოცხლდა, ივნისში კი მყიდველები კვლავ აღარ გამოჩნდნენ. ფერმერები, რომლებიც საქონელს ყიდდნენ, საშინელ დღეში ჩავარდნენ- უამრავი ცოცხალი საქონელი დაუგროვდათ, რომლის შესანახად დამატებითი ხარჯების გაღება სჭირდებათ. მათ ზარალს ზარალი ემატება", - აღნიშნა ზამბახიძემ.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანში ძროხის ხორცი წლების განმავლობაში სტაბილურად ძვირი იყო - კილოგრამის ფასი 10-12 დოლარს აღწევდა, შესაბამისად, ქართული საქონელიც მზარდი მოთხოვნით სარგებლობდა. თუ 2008 წელს ოფიციალურად საბაჟოზე 585 ათასი დოლარის ღირებულების მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი დაფიქსირდა, მომდევნო წელს ერთბაშად, 17 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო რეკორდულ მაჩვენებელს - 47,6 მილიონ დოლარს - 2013 წელს მიაღწია.

ნინო ზამბახიძის ინფორმაციით, ქართული პროდუქციისადმი ინტერესი იაფფასიანმა უკრაინულმა იმპორტმა გაანელა.

"საომარი ვითარებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, როგორც ვიცი, მსხვილფეხა პირუტყვი უკრაინაში ძალიან გაიაფდა. ბევრი ფერმა საერთოდ კონფლიქტისა და მიმდებარე ზონებში მოხვდა, შესაბამისად, მეწარმეებმა ბიზნესის თავიდან მოშორება გადაწყვიტეს. როგორც ვიცი, ცოცხალი წონა აზერბაიჯანში ჩაყვანით, 2,5 დოლარი ჯდება, მაშინ, როცა საქართველოში, ადგილზევე ერთი კილოგრამი 5,5 ლარსაც აღწევდა", - განაცხადა ზამბახიძემ.

აზერბაიჯანული წყაროების მიხედვით, საქონლის ხორცის ფასები ბაქოში თებერვალში ერთბაშად 15%-ით დაეცა. გაზრდილი იმპორტის გარდა, მიზეზად შარშანდელი გვალვა სახელდება, რომელმაც ადგილობრივი წარმოება (ისევე როგორც ქართული), მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. საკვები კატასტროფულად გაძვირდა, ერთი საქონლის შენახვის ხარჯები აზერბაიჯანელ ფერმერებს 200 მანათით (400 ლარზე მეტი) გაეზარდათ. შესაბამისად, ურჩევნიათ საქონელი თავიდან იაფად მოიშორონ. ამასთანავე, ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო მოსახლეობის მსყიდვლეუნარიანობა შედარებით შემცირდა.

არადა, მეზობელი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა 9,7 მილიონს აჭარბებს, ქართული პროდუქციისთვის მართლაც კარგი გასაღების ბაზარი იყო.

ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციით, აზერბაიჯანში 2013 წელს ხორცის საშუალო მოხმარებამ ერთ სულ მოსახლეზე 33,2 კგ შეადგინა. როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ექსპერტი, გიორგი ხატიაშვილი აცხადებს, აზერბაიჯანი გამუდმებით საჭიროებს საქონლის იმპორტს, რადგან მისი მიწების დიდი ნაწილი დამლაშებულია და არც საკმარისი საძოვრები გააჩნია.

"მათ გადაწყვიტეს, ორიენტაცია მერძევული მიმართულების განვითარებაზე აიღონ, რადგან უფრო მომგებიანად მიიჩნევენ", - აღნიშნა ხატიაშვილმა ბპნ-თან საუბრისას.

ის, რომ საკვები ბაზა საკმარისი არ არის, ამას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც აცხადებენ. სამინისტროს წარმომადგენლის, ჩინგიზ ფარადაევის თქმით, მესაქონლეობა ქვეყანაში ექსტენსიურად ვითარდება, 2013 წლისთვის მსხვილფეხა პირუტყვის სულადობამ 2,7 მილიონს მიაღწია, ამ რაოდენობის შენახვა კი ქვეყნას არ შეუძლია, შესაბამისად, უპრიანი იქნება პროდუქტიულობის ზრდაზე იფიქრონ.

"იმ პირობით, რომ წელიწადში 2500-3000 კგ რძე მივიღოთ, საჭიროა, რომ მათი რაოდენობა 1,8 მილიონამდე შევამციროთ", - მიიჩნევდა ფარადაევი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა საქონელზე დაბალი ფასის გამო აზერბაიჯანის ინტერესის არეალში ჯერ კიდევ 2013 წელს მოხვდა. უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2013 წელს პირუტყვის ექსპორტი 2012 წელთან შედარებით 4,5-ჯრ გაიზარდა და 10,5 სულს მიაღწია, აქედან, 78% აზერბაიჯანში გაიყიდა (18%-ყაზახეთში, ხოლო 5%- უზბეკეთში).

დარგის განვითარებისა და ექსპორტის წასახალისებლად 2013 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ გადაწყვიტა, საბაჟო გადასახადი ექსპორტზე 25%-იდან 5%-მდე შეემცირებინა.

აზერბაიჯანულ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს, როგორც ჩანს, ქართველი ფერმერები ფეხს ჯერ ვერ უწყობენ. საქონელზე ფასი მათ მინიმალურად შეამცირეს.

"საქონლის ცოცხალი წონის ფასი საქართველოში 4,5 ლარია. ფერმებში იმედოვნებენ, რომ ვითარება შეიცვლება და საქონელს არ ამცირებენ, შესაბამისად, ხორცი არც ადგილობრივ ბაზარზე გამოაქვთ", - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

მისი თქმით, ეს ბიზნესი, ყველაზე რენტაბელური მაშინ არის, როცა საქონელი ცოცხალი წონით იყიდება, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ მეხორცული მიმართულება საკმაოდ მომგებიანია.

"ძირითადად, გაზაფხულზე ყიდულობენ ორი-სამი თვის ხბოებს, რომელიც დაახლოებით 400-500 ლარი ღირს, შემდეგ მთაში აგზავნიან საძოვრებზე, სამი-ოთხი თვის განმავლობაში ზრდიან, სადაც 200 კგ-მდე იმატებს და 900-1000 ლარად ყიდიან. ცხადია, იქ საძოვრისა და მუშის ხარჯიც შედის, მაგრამ მაინც კარგი მოგება რჩება, პრაქტიკულად ერთი ერთში ამოდის", - აღნიშნავს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ბელა ნოზაძე