განვითარებადი ქვეყნების ვალუტის ინდექსი რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

განვითარებადი ქვეყნების სავალუტო ინდექსი რეკორდულ მინიმუმამდე - 0,6%-ით შემცირდა ჩინეთის სტატისტიკური მონაცემებისა და სასაქონლო ფასების ვარდნის გამო.

„ბლუმბერგის“ ინფრომაციით, გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ ყველაზე მეტად სამხრეთაფრიკული რანდის კურსი დაეცა, რომელიც ოქროს გაიაფების გამო, დოლართან მიმართებაში 1,5%-ით გაუფასურდა. ერთბაშად 1,4%-ით დაეცა ბრაზილიური რეალი და დოლართან მიმართებაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია 12 წლის შემდეგ პირველად.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1,4%-ით შემცირდა რუსული რუბლის ინდექსიც. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლის ფონზე გაუფასურებას განაგრძობს თურქული ლირაც.

„თუ ჩინეთის ეკონომიკა ზრდის წინა მაჩვენებელს ვერ დაიბრუნებს, ეს ნეგატიურად აისახება როგორც განვითარებად ბაზრებზე, ასევე მთლიანად მსოფლიოზე. მომავალ კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სამსახურის გადაწყვეტილებას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება განვითარებადი ბაზრებისთვის“, - განაცხადა „ნორდეა ბანკის“ ანალიტიკოსმა ანდერს სვენდსენმა.

პარასკევს „ბლუმბერგის“ სასაქონლო ინდექსი დოლარის გამყარების ფონზე 0,9%-ით დაეცა. განვითარებადი ქვეყნების აქციები კი უკვე მესამე სესიაა ვარდნას განაგრძობს, MSCI-ის კომპოზიტური ინდექსი გუშინ 1,6%-ით 908,7 პუნქტამდე დაეცა.